ჩოგბურთი | დევისის თასის ფინალში ესპანეთი და იტალია ითამაშებენ #1TVSPORT
ჩოგბურთში ყველაზე პრესტიჟული გუნდური ტურნირის, დევისის თასის 2026 წლის გათამაშების ფინალური წყვილი ცნობილია – ტიტულისთვის იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები იბრძოლებენ.
იტალიის ქალაქ ბოლონიაში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში მასპინძლებმა ჩეხეთის ნაკრები 2:1 დაამარცხეს. ლორენცო მუსეტიმ იაკუბ მენშიკს მოუგო (6:3, 6:4), ფლავიო კობოლი კი ირჟი ლეჰეჩკასთან დამარცხდა. დაპირისპირების ბედი წყვილთა შეხვედრაში გადაწყდა, რომელშიც ლორენცო მუსეტიმ და ანდრეა ვავასორიმ ჩეხ მეტოქეებს სამ სეტში სძლიეს.
გაცილებით მარტივად მოიპოვა ფინალის საგზური ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც დიდი ბრიტანეთი 2:0 დაამარცხა. რაფაელ ხოდარმა კამერონ ნორის მოუგო (6:2, 7:5), კარლოს ალკარასმა კი არტურ ფერი დაამარცხა (6:2, 6:1).
აღსანიშნავია, რომ იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდებიან ფინალში. იტალიელები დევისის თასის ზედიზედ მეოთხედ მოგებას შეეცდებიან, ესპანელები კი ისტორიაში მეშვიდე ტიტულისთვის იბრძოლებენ.
იტალიის ნაკრები ტურნირზე იანიკ სინერის გარეშე ასპარეზობს, ესპანეთს კი, გასული წლისგან განსხვავებით, კარლოს ალკარასი ეხმარება.
დევისის თასის ფინალური დაპირისპირება 29 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.