მეუფე შიო - როგორც კი პატრიარქი ბათუმიდან ჩამობრძანდება, მოსაყდრის ვალდებულებებს დააკონკრეტებს
პატრიარქი ბათუმიდან ჩამობრძანდება და მოსაყდრის ვალდებულებებს დააკონკრეტებს,-ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებული წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მეუფის თქმით, მისი მოსაყდრედ დასახელება ყველასთვუს მოულოდნელი იყო.
„პატრიარქს ველოდებით, ის წაბრძანებულია ბათუმში. როგორც კი ჩამოვა, მერე დააკონკრეტებს მოსაყდრის ვალდებულებებს. უწმინდეს უფლება ჰქონდა პირადად მიეღო გადაწყვეტილება. უბრალოდ მოულოდნელი იყო ყველასთვის“,- განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა.
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წირვა პირველად ჩაატარა.
წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა.
ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“, –აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქი ბათუმში იმყოფება, სადაც სასულიერო პირებთან ერთად სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.