მეუფე შიო - ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი ე.წ. მებრძოლი არ ამბობს, რომ აბორტი აგრესია და ნატურალური ფაშიზმია
ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი ე.წ. მებრძოლი ამის წინააღმდეგ არ ამბობს, რომ აბორტი აგრესიაა. აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე ვსაუბრობთ, როდესაც წელიწადში 40 ათასი ბავშვი იკვლება მარტო ჩვენს მიერ, ეს არაოფიციალურად. თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
პატრიარქის მოსაყდრის თქმით, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელია.
„სულიერად რომ შევხედოთ, ჩვენ ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელია. სანამ ეს არ გამოსწოდება, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი გამოსწორდება, რადგან ჩვენს ბავშვებს ვკლავთ, ათობით და ასობით ათასს. ამას არ ვუწოდებთ აგრესიას. ე.ი ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ იმის უფლებას, რომ ბავშვი დაიბადოს, რომ არ მოიკლას, ამაზე ხმას არავინ იღებს. რა არის ეს თუ არა ორმაგი სტანდარტი და კითხვა იბადება, ვის აწყობს ეს. როგორც ჩანს, ფული კეთდება და დიდი პარადიგმა არის მსოფლიო რაღაცა მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, გეუბნებიან, ეს არ არის აგრესია, ამაზე არ გაბედო თქმა, რადგან ქალის უფლებაა, რომ დაკუწოს საკუთარი შვილი დანით.
აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია, ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ სცემს, ის არაკაცია, დასასჯელია, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა ის ნატურალური ფაშისტია? ნიუნბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს, აგრესია დაიძლიოს. როგორ უნდა დაიძლიოს? როცა მთელი ერი ამით სცოდავს პრაქტიკულად. ახლა მარხვის პერიოდია და თუ ჩვენ ამას სინანულით არ შევხედეთ, თუ ჩვენ, როგორც ერმა ეს არ გამოვასწორეთ, ამაზე არ ვიყვირეთ სკოლაშიც, უფროსკლასებშიც, საზოგადოებაშიც, არაფერი გამოვა, ჩემი აზრით.
თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ხშირად ამბობდით, რომ სამღვდელოება აღარ უნდა იყოს მარტო ტაძრებში, ეს ძველ დროს იყო, საბჭოთა დროს, მღვდლებს აკრძალული ჰქონდათ გარეთ გასვლა და მისიონერობა. დღეს ის დროა, როდესაც ჩვენ ტაძრებიდან გავიდეთ, ვიქადაგოთ და ეს მისიონერობა გავაძლიეროთ. მე მგონია, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ესეც იქნება, ფსიქოლოგებთან ერთად, ფილოსოფოსებთან ერთად“, – განაცხადა მეუფე შიომ.
პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. მათივე ცნობით, მისმა უწმინდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგები მიიღეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს.
ილია მეორემ მოისმინა გამომსვლელთა მოსაზრებები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას.
კათოლიკოს-პატრიარქმა მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ სამღვდელოებისა და ფსიქოლოგების გააქტიურებული შრომა დადებით შედეგს გამოიღებს.