ილია II -  ხანდახან ისეთი აზრიც მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას, დღევანდელი მდგომარეობა დაგორებულ ლოდს ჰგავს, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ
ილია II -  ხანდახან ისეთი აზრიც მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას, დღევანდელი მდგომარეობა დაგორებულ ლოდს ჰგავს, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ

ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ ქვეყანას აღარ ეშველება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში ბევრი ნეგატიური მოვლენა მოხდა, რაშიც ახალგაზრდობაც არის ჩართული. ილია მეორემ აღნიშნა, რომ სურს, მოეწყოს რამდენიმე შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ, როგორ უშველონ ხალხს.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ამბები მოდის, ხდება ნეგატიური მოვლენები. ახალგაზრდობა არის ჩაბმული ამაში. სიძულვილი რით აიხსნება? – ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით. თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა. მე მინდა, რომ მოხსენება კი არ იყოს ჩვენი ფსიქოლოგების, აი, საუბარი გაიმართოს. აქტიური მონაწილეობა თქვენც უნდა მიიღოთ, მეც და სხვებმაც. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. მათივე ცნობით, მისმა უწმინდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგები მიიღეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს.

ილია მეორემ მოისმინა გამომსვლელთა მოსაზრებები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას.

კათოლიკოს-პატრიარქმა მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ სამღვდელოებისა და ფსიქოლოგების გააქტიურებული შრომა დადებით შედეგს გამოიღებს.