მეუფე პეტრე - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და აღიაროს, რომ ციანიდის საქმესთან მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა
ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, აღიაროს, რომ ე.წ. ციანიდს საქმესთან მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა, – ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე აღნიშნული საკითხი ზოგადად იქნა განხილული.
„ეს საკითხი ზოგადად იყო განხილული, კონკრეტულად არა. განხილული იქნა იმ კონტექსტში, რომ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, აღიაროს, რომ ცოდვა ჩაიდინა ციანიდის საქმესთან მიმართებაში“, – განაცხადა მეუფემ პეტრემ.
კითხვაზე – დაუშვა თუ არა შეცდომა ხელისუფლებამ, მეუფემ აღნიშნა, რომ – „ეს იყო ბოროტება და უნდა მოინანიოს“.
წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად ჩატარდა.
რაც შეეხება ე.წ. ციანიდის საქმეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.