მეუფე პეტრე - არასწორია, რომ მე ფავორიტი პარტია მყავს, შეცდომაა იმის თქმაც, რომ ეკლესია თავის პრივატულ სივრცეში უნდა ჩაიკეტოს
არასწორია ის, რომ მე ფავორიტი პარტია მყავს და შეცდომას დავუშვებთ, თუ ვიტყვით, რომ ეკლესიამ თავისი პრივატული სივრცე უნდა შეინარჩუნოს და ამ სივრცეში ჩაიკეტოს, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„მართლმადიდებელ ადამიანს, თუნდაც, მოძღვარს, ან იერარქს თუ ამა თუ იმ პარტიის, თუ პიროვნების, პოლიტიკოსის მიმართ პირადი სიმპატია ექნება, რა თქმა უნდა, ეს მის მართლმადიდებლობას არანაირად არ ეწინააღმდეგება. ეს არც მართლმადიდებლურ დოგმატებთან მოდის წინააღმდეგობაში. რაც შეეხება ქართულ ეკლესიას, ის ერთიანი, ძლიერი, მართლმადიდებელი საქართველოს მოკავშირეა და ყოველთვის საქართველოს სულიერი გაჯანსაღების მოკავშირე იქნება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
ამ განცხადებით მეუფე პეტრემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად საფუძვლიანია მოსაზრება, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტს თავისი ფავორიტი პარტია ჰყავს და იქნებოდა თუ არა უფრო სამართლიანი, ამ მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრიდან, ქართულ ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, მოკავშირე აერჩია, პოლიტიკაზე გავლენა ამ მოკავშირის გავლით მოეხდინა და არა ისე, როგორც დღეს ხდება, როცა პოლიტიკური განცხადებები ამბიონებიდან კეთდება.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნული ხელისუფლება უკანონოდ, სისხლიანი ძალადობით დაემხო, ქვეყანა დემოკრატიისა და კანონიერების რელსებიდან ამოვარდა და დღემდე ვერ დაასახელებს კონკრეტულ ძალას, რომელიც ქვეყნის მმართველობაში იყო და რომელსაც სრული ნდობა ეკუთვნის.
„სრული ნდობა მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს ეკუთვნის. თუ რომელიმე პარტია მართლმადიდებლური აზროვნებით ეკლესიასთან დიალოგში მოვა და საშინაო, თუ საგარეო საკითხებზე შეჯერებული პოზიციები გვექნება, ერთადერთი გადარჩენა ეს არის და ამ ღვთივკურთხეულ მიწაზე ამის საუკეთესო მაგალითი გვაქვს, როცა ჭყონდიდელი და აღმაშენებელი ამას ახერხებდნენ“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, არ მოხდეს ნებისმიერი პრობლემატური საკითხის თეოლოგიური ანალიზი, რომელიც ქვეყანაში წარმოიშობა.
„ანუ, დისკუსია, მსჯელობა უნდა შედგეს, რადგან ჩვენი სახელმწიფოებრიობის ძლიერების ერთადერთი გამოსავალი სწორედ ნებისმიერ საკითხზე დიალოგი და ურთიერთობაა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.