გიორგი ანდრიაძე მიიჩნევს, რომ ეკლესიაში განვითარებულ პროცესებში უშიშროების სამსახურები უნდა ჩარეულიყვნენ, რათა საკითხს სკანდალის სახე არ მიეღო
გიორგი ანდრიაძე მიიჩნევს, რომ ეკლესიაში განვითარებულ პროცესებში უშიშროების სამსახურები უნდა ჩარეულიყვნენ, რათა საკითხს სკანდალის სახე არ მიეღო

ჩემთვის ეს ყველაფერი არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მისი ავტორიტეტის შელახვას და საზოგადოებრივი არენიდან მის განდევნას, გაძევებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საპატრიარქოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ანდრიაძემ საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ მეუფე იაკობისა და სხვა სასულიერო პირების განცხადებებზე კომენტირებისას განუცხადა.

გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუციაა და პრობლემა უშიშროების სამსახურს უნდა მოეგვარებინა.

„ასეთი პრობლემები საერთოდ ნებისმიერ ქვეყანაში წყდება უშიშროების სამსახურის მიერ, თუ ეს უშიშროება ემსახურება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს. ნებისმიერი გაუგებრობა, რომელიც ლახავს ქვეყნის იმიჯს და მით უმეტეს, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციის, როგორიც არის საპატრიარქოს იმიჯი, გვარდება სხვანაირად და არა ასეთი სკანდალებით, როგორიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოში. ოპოზიცია იქნება ეს თუ პოზიცია, რამის მოგვარება რომ სდომოდათ, თავიდანვე, როცა დაიწყო ეს საკითხი, მალევე უნდა გარკვეულიყო, რადგან არსებობდა ორი ეპისკოპოსი – პეტრე და იაკობი, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებზე იდგნენ და საჯაროდ შეურაცხყოფდნენ ერთმანეთს. ასეთი პროცესი ნეგატიურად აისახება ქვეყნისა და ეკლესიის იმიჯზე, დამღუპველია და მასზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და უშიშროების სამსახური“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

გიორგი ანდრიაძე ასევე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე განხეთქილებაში გარე ძალების ინტერესებსაც ხედავს. კერძოდ, ანდრიაძემ რუსეთის, ასევე სხვა მეზობელი ქვეყნებისა და რადიკალური ისლამისტემის ინტერესები დაასახელა.