მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ მეუფე შიო მუჯირის სავარაუდო მოწამვლაზე ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიო მუჯირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაციაზე არაფერი იცის.
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, მეუფე შიო მუჯირთან სცადა დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.
„არაფერი ვიცი. ვერაფერს ვამბობ, ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ, რადგან რეალურად სარწმუნო ამბავი არ მაქვს. მეუფე შიოს ვერ დავუკავშირდი. ყველა ამბობს, გვაქვს ინფორმაციაო და საიდან აქვთ? მაგალითად, მე მევალება, მქონდეს ინფორმაცია და ვერ ვახერხებ და ვინ საიდან იცის, რა იცის? გუშინ საღამოს დამირეკა „მთავარმა არხმა“, მკითხა და ვუთხარი, პირველად მესმის თქვენგან-მეთქი. მერე ვცადე მეუფესთან დაკავშირება, დავურეკე, მივწერე კიდეც და არ მიპასუხა. ალბათ აკლებულია და გადადებული აქვს ტელეფონი. ერთი სიტყვა მაინც რომ ეთქვა, მაგრამ არა, არაფერი ვიცი. დიდი ხანია, არ მინახავს, მგონი, აღდგომის შემდეგ. როგორც კი შეძლებს, ალბათ შემოგვეხმიანება და გაგვაგებინებს. სხვათა შორის, ახლა სვეტიცხოვლობა მოდის და იმედია, შევხვდებით“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. ოფიციალური კომენტარი საპატრიარქოში ჯერ არ გაკეთებულა.