მეუფე მიქაელი - ვაქცინაცია არის ნების თავისუფლება, როგორ შეიძლება, მე გითხრათ, გინდა თუ არა, ეს გააკეთე ან არ გააკეთო
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი აცხადებს, რომ წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური განცხადებას გაავრცელებს.
„გაიგებთ ყველაფერს. მთავარია, რომ საქართველოს სიყვარულში ვართ ყველანი, ხოლო ვინც არის საქართველოს მტერი, შეიძლება, მას არ გაეხარდეს“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.
მისი თქმით, სინოდის სხდომაზე ძალიან საიდუმლო საკითხები განიხილება და აღნიშნა, რომ უმრავლესობა რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, „ეს არის ღვთის ნება“. ამასთან, მეუფე მიქაელმა, მეუფე სტეფანეს შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა, რომ ის ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.
„რაც იქნება უმრავლესობის გადაწყვეტილება, ის იქნება მიღებული. ეს არის ღვთის ნება და ჯანსაღი აზრი. მეუფე სტეფანეს მივლინებაც ჭყონდიდში რასაკვირველია, იყო ღვთის ნება. მეუფე გრიგოლი კი, დაბრუნდა თავის ეპარქიაში, საიდანაც იყო მივლენილი ჭყონდიდში“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
როგორც თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა აღნიშნა, სინოდის სხდომაზე სასულიერო პირებმა პეტრე ცაავაზეც ისაუბრეს. კითხვაზე, შეიქმნება თუ არა პეტრე ცაავასთან დაკავშირებით კომისია და რას შეისწავლის ის, მეუფე მიქაელმა განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესცენტრი განცხადებას გაავრცელებს.
„მეუფე პეტრეზე განსაკუთრებულად არ იყო ისეთი საუბარი. რაღაც გარკვეული შეხებით შეიძლება, გვქონდა ერთმანეთში საუბარი, გარკვეულ აზრებთან მიმართებაში. კომისიის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრი გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.
ამასთან, სინოდის სხდომაზე იმსჯელეს თუ არა დავით გარეჯის საკითხზე, მეუფე მიქაელი აცხადებს, რომ საპატრიარქოს პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით ისედაც ცნობილი არის.
„1938 წლის რუკით და იქიდან გამომდინარე, რაღაცა თუ გადაცდომა იყო, მერე 40-იან წლებში, 70-იანებში იყო, თუ 90-იანებში, ამას ყველაფერს გაასწორებს ის, რაც საქართველოს მხარისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.
ამასთან, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ეს არის ნების თავისუფლება“.
„ვაქცინასთან დაკავშირებით ისევ იმავე აზრზე ვართ, ეს არის ნების თავისუფლება. როგორ შეიძლება, მე გითხრათ, გინდა თუ არა ეს გააკეთე ან გინდა თუ არა ის გააკეთე. ან ვინ მეტყვის მე, გინდა თუ არა ეს გავაკეთო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ ჩამოყალიბდნენ ის პროფესიონალი კომპეტენტური პიროვნებები, რომელთაც ეწოდებათ ექიმები. ჯერ მსოფლიოში არ დალაგებულა ეს თემა. ჩვენ მივდივართ ისევ იქ, რომ ყველაფერი უნდა დამტკიცდეს და ჩამოყალიბდეს. უბრალო წამალი რომ მიაწოდოთ თქვენს შვილს, ამაზე შეიძლება, ცხრა ექიმთან გადარეკოთ და იქიდან გამომდინარე იმსჯელოთ. დაახლოებით ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.