მეუფე გრიგოლი - ვიდრე ექიმები გვირჩევენ მოფრთხილებას, საგანგებო რეჟიმში აღვასრულებთ მსახურებას და მრევლი ტაძრის გარეთ იქნება
ფოთის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს. მას მხოლოდ სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები ესწრებიან. წირვას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი აღავლენს. წირვას არ ესწრება მრევლი.
„მე მოხარული ვარ. მრევლი იმათ ჰქვია, იმ ადამიანებს, ვის გულშიც მართლა ანთია განსაკუთრებული რწმენის კანდელი და რომელიც მზად არის, რომ კურთხევა მიიღოს და დაემორჩილოს. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავემორჩიოთ ექიმებს. მე მოხარული ვარ, მადლლიერი ვარ, ჩვენ 24 წელია, ამ ეპარქიაში ვართ და ვცდილობთ, გზადაგზა ვასწავლოთ და მათგანაც ვისწავლოთ ძალიან ბევრი რამე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, პატივს მივაგებთ ერთურთს და იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად დავძლევთ ამ განსაცდელს, რომელიც დღეს მსოფლიოში მძვინვარებს. მით უმეტეს, დღეს ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ეს მძაფრად და არც იყოს. ნურავინ დამშვიდდება იმით, რომ თუ უკეთესად იქნება საქმე, რომ აი, ჩვენ რომ მოვსულიყავით, მაინც რა კარგი იქნებოდაო, არა. ყველაფერი კარგად იქნება და ყველა კურთხევის ქვეშ იქნება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მრევლს მოუწოდებს, დაიცვან მედიკოსების რჩევები. მისი თქმით, ვიდრე ვითარება არ დარეგულირდება, ფოთისა და ხობის ეპარქიაში წირვა-ლოცვა საგანგებო რეჟიმში აღსრულდება.
„საერთოდ, ვიდრე ეს უბედურება ტრიალებს სამყაროს თავზე და ვიდრე ჩვენი ექიმები გვირჩევენ მოფრთხილებას, დისტანცირებას ერთმანეთისაგან, მანამდე ჩვენ საგანგებო რეჟიმში აღვასრულებთ ხოლმე მსახურებას და ტაძრის გარეთ იქნება მრევლი, ვინც მომსვლელი იქნება რა თქმა უნდა. ვინც ვერ მოვა, იმათ ჩვენ შევეწევით სულიერად, ჩვენ ცალ-ცალკე არ ვილოცებთ, ჩვენ ყველა ერთად ვილოცებთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.