მეუფე დანიელი - ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოზაიკის ვატიკანში დაბრძანება შეიძლება იყოს კიდევ ერთი შეხსენება, რომ არსებობს ისეთი ქრისტიანული ეკლესია, რომელიც ბოლომდე დაიცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას
მეუფე დანიელი - ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოზაიკის ვატიკანში დაბრძანება შეიძლება იყოს კიდევ ერთი შეხსენება, რომ არსებობს ისეთი ქრისტიანული ეკლესია, რომელიც ბოლომდე დაიცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას

ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოზაიკის ვატიკანში დავანება იქნება კიდევ ერთი საშუალება ქრისტიანული სარწმუნოების დაცვის თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც თანდათანობით უფრო და უფრო სცილდება ამ სულიერ ღირებულებებს, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა.

მისი თქმით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოზაიკის ვატიკანის ტერიტორიაზე განთავსება ისტორიული მოვლენაა.

„ივერიის ღვთისმშობლის ხატი, მისი დედანი ბრძანდება ათონის მთაზე. ეს არის საკრებულო მართლმადიდებელი ეკლესიებისა, სადაც წარმოდგენილია ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია. არის ასეთი საეკლესიო გადმოცემა, რომ ეს ხატი იფარავს ათონის მთას. ათონის მთის მფარველობა ნიშნავს ზოგადად მართლმადიდებლობის მფარველობას, ვიდრე მეორე მოსვლამდე. ეს არის წინასწარმეტყველება იმისა, რომ საქართველოს ქრისტიანული ეკლესია და ქართველი მართლმადიდებლები ბოლომდე შეინარჩუნებენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ამ ხატის ასლის შექმნა მოზაიკაში, რომელიც მაღალ დონეზე არის შექმნილი, და დაბრძანება ვატიკანის ტერიტორიაზე, სადაც მსოფლიოს არამარტო ქრისტიანული, არაქრისტიანული სამყარო, სეკულარული, ათეისტური საზოგადოება მოდის, ეს შეიძლება, იყოს კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ არსებობს ისეთი ქრისტიანული ეკლესია, რომელიც ბოლომდე ერთგულად დაიცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ეს არის ისტორიული მოვლენა და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ ხატის აქ დავანება იქნება კიდევ ერთი საშუალება ქრისტიანული სარწმუნოების დაცვის თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც თანდათანობით უფრო და უფრო სცილდება ამ სულიერ ღირებულებებს. ამიტომ ჩვენ მადლობელი ვართ ღვთისა, რომ ეს მოხდა, ეს შესრულდა და ამიერიდან ივერიის ღვთისმშობელი იქადაგებს ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამჯერად ვატიკანის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართება. მანამდე კი პანოს განთავსების აღსანიშნად აღორძინების ეპოქის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა. საღამოს კულტურულ ნაწილს „სუხიშვილები“ და ანსაბლი „ბასიანი“ აფორმებდნენ.