ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის განთავსების შემდეგ, მეუფე დანიელმა შეკრებილებს ილია მეორის მისასალმებელი წერილი გააცნო
ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის განთავსების შემდეგ, მეუფე დანიელმა შეკრებილებს ილია მეორის მისასალმებელი წერილი გააცნო

ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის განთავსების შემდეგ მეუფე დანიელმა შეკრებილებს ილია მეორის მისასალმებელი წერილი გააცნო.

როგორც ილია მეორის მიმართვაშია ნათქვამი, დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმ მეგობრული და ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობისა, რომელიც საქართველოს ეკლესიას და რომის საყდარს შორის უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა.

„მაქვს პატივი, გადმოგცეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის მოლოცვა და მისასალმებელი სიტყვა მისი უწმინდესობისადმი, პაპ ფრანცისკესადმი: თქვენო უწმინდესობავ, ძმური სიყვარულით მოგესალმებით თქვენ და აქ შეკრებილ საზოგადოებას და სიხარულით აღვნიშნავ, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმ მეგობრული და ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობისა, რომელიც საქართველოს ეკლესიას და რომის საყდარს შორის უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა. თანამედროვე ეპოქაში კი კავშირი ჩვენს სახელმწიფოებსა და ეკლესიებს შორის პაპ იოანე-პავლე მეორის მიერ განახლდა, ხოლო თქვენ პერიოდში ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გაღრმავდა. ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ თქვენი ვიზიტის მნიშვნელობა 2016 წელს საქართველოში და მიმდინარე წელს სიქსტეს კაპელაში თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის გამოსვლა. ამ ორივე ფაქტმა მსოფლიო რეზონანსი შეიძინა. ახლა კი საქართველოს მთავრობის სახელით თქვენდამი მოძღვნილი საჩუქარი ათონის წმინდა მთის ივერონის მონასტრის და საქართველოს მფარველის, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მოზაიკური სტელა ვატიკანის ტერიტორიაზე იდგმება. ეს ახალი ფურცელი ისტორიული დღე და თარიღია ჩვენი ქვეყნებისა და ეკლესიების ურთიერთობაში. მადლობა ყველას და მადლობა ჩვენს ელჩს, ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონს გაწეული შრომისათვის.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ მოზაიკის სტელის შექმნაზე იმუშავეს საქართველოს ეკლესიის სამმა წარმომადგენელმა, რომელთა შორის არის ბატონი ამირან ბაკურაძეც, წლების წინ მოზაიკის სპეციალობას იგი თქვენთან, ვატიკანში დაეფლა და სამშობლოში დაბრუნდა, საქართველოში კი უკვე არაერთი ტაძარი განაშვენა. თქვენო უწმინდესობავ, სასულიერო დასის წარმომადგენელნო, დანო და ძმანო, რომში და, საერთოდ, იტალიაში მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, მჯერა, დღეს ხარობენ ძმები, წმინდა პეტრე მოციქული და წმინდა ანდრია პირველწოდებული, ჩვენს ეკლესიათა საფუძველდამდებნი. შევთხოვთ მათ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვან ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ეკლესიები და ხალხები და მშვიდობით აკურთხონ ისინი. დაე, მათი მეოხებით და ღვთის წყალობით, მშვიდობამ დაისადგუროს ახლო აღმოსავლეთშიც, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. ვიცით, რომ მრავალი ადამიანი ლოცულობს და იღწვის ამისთვის. საყოველთაოდაა ცნობილი თქვენი ზრუნვაც სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობისათვის. ვიმედოვნებთ, ეს ღვაწლი, ეს მცდელობები თავის შედეგს გამოიღებს. ჩვენი მიმართვა წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით, მინდა, დავასრულო: „შენ ხარ ჩემი ლამპარი, უფალო. უფალი განმინათლებს ბნელს“. ინებოს ყოვლად წმინდა სამებამ, რომ თავისი ტახტი დაიდგას ჩვენს გულებში და ყველას განგვინათლოს ბნელი“, – ნათქვამია ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში.

ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა დღეს განთავსდა.