მეუფე დანიელი - ეკლესია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების წინააღმდეგი არ იქნება 
მეუფე დანიელი - ეკლესია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების წინააღმდეგი არ იქნება 

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი აცხადებს, რომ ეკლესია არ იქნება წინააღმდეგი, თუ საქართველოს პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს.

„ქრისტიანული სარწმუნოება გეუბნება, ვინმემ რომ რამე დაგიშაოს, თუნდაც ბოროტად მოგექცეს, იმაზეც უნდა იზრუნო. მით უმეტეს, სასულიერო პირის მდგომარეობა, რასაკვირველია, აწუხებს ეკლესიას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს თანაშემწე ანდრია ჯაღმაიძემ მოინახულა დეკანოზი და პირადად ესაუბრა. რასაკვირველია, ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ვლოცულობთ. უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ თვითონ დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრული არიან. შეიძლება, ეს ყოველთვის მისი სურვილი არ არის, მაგრამ ის ყოველთვის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც მისი გარემოცვისგან ხდება, რადგან ის ციხეშია. ამ ადამიანების მოქმედებაში ხშირად არის ელემენტარული შეცდომები. მაგალითად, ასეთი სახით ზიარების მოთხოვნა – ეს არ ხდება. ზიარება არის დიდი საიდუმლოება, ამას მოძღვრის კურთხევა სჭირდება. ზიარებისთვის ადამიანი ყოველთვის მზად არ არის, ამიტომ ეს მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვიტა მოძღვარმა და აზიარა. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეკლესია ამას განიცდის, ზრუნავს, მაგრამ არის რაღაც საზღვრები, რისი გაკეთება შეუძლია და არ შეუძლია. ხშირად, ეკლესიას იმას სთხოვენ, რაც მის ძალებსა და უფლებებს აღემატება“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

მეუფე დანიელის ინფორმაციით, “საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დეკანოზის შეწყალებას აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა”.

„ჩემი და ეკლესიის პოზიცია ასეთია – როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და რასაკვირველია, მიესალმებოდა. რასაკვირველია, ეკლესია ახლაც იგივე პოზიციაზე დგას და თუ ეს მოხერხდება, ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ასეთ შეწყალებაში მონაწილეობს. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა  შეიძლება, ეს ინფორმაცია ზუსტი არ არის“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში პენიტენციური დაწესებულებიდან წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით 15 თებერვალს გადაიყვანეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა.