მეუფე ანტონი - საპატრიარქო მზად არის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნისთვის ნაბიჯი გადადგას
მეუფე ანტონი - საპატრიარქო მზად არის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნისთვის ნაბიჯი გადადგას

საპატრიარქო მზად არის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნისთვის ნაბიჯი გადადგას, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც დეკანოზი მამალაძე მოინახულა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.

მეუფე ანტონი მიიჩნევს, რომ დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხის განსახილველად საპატრიარქოს შესაბამისი რესურსი და ძალაც აქვს.

„მივიჩნევ, რომ ​ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ვალდებული ვართ, რომ განვიხილოთ შიგნით. ჩვენ ამის რესურსი, შესაძლებლობა და ძალაც გვაქვს. ეს საკითხი თუნდაც იმიტომ უნდა განვიხილოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემის ირგვლივ მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები. საპატრიარქო მზად არის ყველაფრისთვის, ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნაზეც. საპატრიარქოც მზად არის და მღვდელმთავრებიც ყველაფრისთვის მზად ვართ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს თავად დეკანოზ მამალაძეს, როგორც მეუფე ანტონმა განაცხადა, დეკანოზს აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია აქვს.

„აბსოლუტურად ჯანსაღ და კარგ პოზიციაზეა. თქვენც იხილავთ მალე, რომ ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ იგი, რა თქმა უნდა, იქნება შეწყალებული. ამის შესახებ მოთხოვნა გაკეთდება. ვფიქრობ, პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს, დანარჩენს იხილავთ“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, არის თუ არა საჭირო დანაშაულის აღიარება დეკანოზის შესაწყალებლად. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, არ სურს, მოვლენებს გაუსწროს. მისი თქმით, მსჯავრდებული იტყვის ყველაფერს.

„რას ჰქვია აღიარება. მსჯავრდებული იტყვის ყველაფერს. არ მსურს, გავუსწრო მოვლენებს. ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, მაგრამ უიმედობა არ არის, გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

კითხვას, ემზადება თუ არა საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაწყალებლად, მიტროპოლიტი დასტურით პასუხობს – „რა თქმა უნდა“ – აცხადებს მეუფე ანტონი.

ჟურნალისტებმა მეუფეს ასევე ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულოა და ასევე – როგორია პატრიარქის პოზიცია ამ თემაზე.

„მიმაჩნია, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა.​ პატრიარქის პოზიცია არის დადებითი, როგორც გითხარით“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.