მეუფე ანდრია - ვწუხვარ, რომ ამ დღეების განმავლობაში ვხედავდით ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის მცდელობას
გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა დღეს ატენისა და გორის მიტროპოლიტმა აღავლინა. ტაძარში მოსასვლელი გზა დილიდან ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა. ეკლესიაში მისვლა მომლოცველებს მხოლოდ ფეხით შეუძლიათ. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გათვალისწინებული წესების დაცვას ადგილზე საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ.
მეუფე ანდრიამ მრევლს გიორგობა მიულოცა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის მცდელობაზე ისაუბრა.
„ეკლესიის კლასტერის გამოყოფაზე, მგონი, ყველაფერი გარკვეულია. ვწუხვარ იმაზე, რომ ამ დღეების განმავლობაში ვხედავდით ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის მცდელობასა და მოწოდებას. მე ასე ვაფასებ ამას. სამწუხაროდ, ამას ვხედავდით ჩვენი ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ორგანოში, პარლამენტში და ზოგადად, თანამდებობის პირებისგანაც, რაც მაკვირვებს, რადგან ამ ადამიანების ამომრჩევლები არიან ეკლესიის წევრებიც და ამგვარი შეფასება ვფიქრობ, მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს“, – განაცხადა წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ.