მეუფე ანდრია - დავით გარეჯი არის საქართველოს კულტურული და სულიერი ფასეულობა, ქართული მიწა-წყალი
მეუფე ანდრია - დავით გარეჯი არის საქართველოს კულტურული და სულიერი ფასეულობა, ქართული მიწა-წყალი

ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ წირვის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს დავით გარეჯზეც უპასუხა. მისი თქმით, დავით გარეჯი არის ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მისი ტერიტორიული კუთვნილება კითხვის ნიშნიშ ქვეშ არ დგას.

ამასთან, მეუფე ანდრიას განცხადებით, დაკავებული პირების საქმიანობის შეფასება გამოძიების პრეროგატივაა.

„დავით გარეჯი არის საქართველოს კულტურული და სულიერი ფასეულობა, ისტორიული, ქართული მიწა-წყალი, ჩემთვის სრულიად მიუღებელი და გაუგებარია კითხვის ნიშნის დასმა, უნდა იყოს თუ არა მოქცეული საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. დანარჩენი, ვისი დაკავებაც მოხდა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ადამიანის საციხოდ გამეტება სამწუხაროა და ამაზე პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, ჩვენ ამას ვერ შევაფასებთ.

მხოლოდ შემიძლია ის ვთქვა, რომ დავით გარეჯში ყოფნის დროს, ჯერ კიდევ 1997-98 წლებში, იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, შემიძლია დავასახელო ბატონი ზურაბ ჟვანია, ისინიც დაინტერესებული იყვნენ, ყოველთვის სტუმრობდა ბატონი ზურაბი ჩვენს მონასტერს და კითხულობდა, რა ვითარება იყო საზღვართან დაკავშირებით. ასე რომ, მთავრობის მიერ მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო ეს საკითხი. დანარჩენი შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ გამოძიების შემდეგ დადებულ დასკვნებზე დაყრდნობით“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.

ატენისა და გორის მიტროპოლიტმა საზეიმო წირვა-ლოცვა აღდგომის სახელობის ახლადაშენებულ ტაძარში აღავლინა. ტაძრის შენება რამდენიმე ათეული წელი გრძელდებოდა და მშენებლობა „ქართუ ფონდის“ მხარდაჭერით დასრულდა.