მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო სწავლება ჩატარდა [ფოტო]
„სადგურის მოედნის”, „ნაძალადევისა” და „წერეთლის” მეტროსადგურებთან სახანძრო-სამაშველო სწავლების გამო მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ტექნიკა, შეინიშნებოდა მცირე დაკვამლიანებაც.
პრაქტიკული სავარჯიშო სახანძრო-სამაშველო სწავლება „მეტროპოლიტენი 2020“-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ხანძრებზე რეაგირების ეფექტიანობის გაზრდას.
სცენარის მიხედვით, ხანძარი გაჩნდა „სადგურის მოედნიდან” ნაძალადევის მიმართულებით გვირაბში მოძრავი სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში.
ვაგონიდან მეხანძრე-მაშველების მისვლამდე მემანქანემ მგზავრების ნაწილი ჩამოიყვანა, რის შემდეგაც მათ „წერეთლისა” და „ნაძალადევის” მიმართულებით გადაადგილება დაიწყეს. ვაგონში დარჩენილი მგზავრების ევაკუაცია კი მეხანძრე-მაშველებმა განახორციელეს. პარალელურად, სცენარის მიხედვით, ხანძარი გაუჩნდა „ნაძალადევიდან“ „სადგურის მოედნის” მიმართულებით მოძრავ მეორე მატარებელს, საიდანაც ასევე მოხდა მგზავრების ევაკუაცია და ასევე, გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა. სწავლების ფარგლებში, დაშავებულებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით ადგილზე იმყოფებდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზე ჯამში 20 სახანძრო ავტოცისტრენა და შვიდი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდირება ნახევარ საათში მოხერხდა.
აღნიშნული სასწავლო წვრთნის დასრულების შემდეგ მოხდება სახანძრო-სამაშველო მოქმედებების გაანალიზება და შეიქმნება წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა.
„შსს-მ ქალაქის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩაატარა სწავლება მეტროპოლიტენში, რომელიც ემსახურება ამ სამინისტროების კოორდინაციულ მუშაობას. ასეთი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება. კერძოდ, მასობრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის მაგალითად, ფილარმონია, თეატრები და ა.შ. აღნიშნული სწავლება ჩემი შეფასებით, ნორმალურად ჩატარდა. მისი მონიტორინგი ხორციელდებოდა ლაივ რეჟიმში, მოგვიანებით ეს ყველაფერი გაიშიფრება. დეტალურ ანალიზს გავაკეთებთ და შემდეგ მოგახსენებთ სწავლების კონრეტულ შედეგებს. ვფიქრო, წარმატებულად ჩავატარეთ დღევანდელი სწავლება“, – განაცხადა შსს-ს მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ.
სწავლებაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ დანაყოფმა, რომელიც რეალური შემთხვევების დროს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებშია ჩართული, ასევე – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა და თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებმა.
ჯამში, დღევანდელ სწავლებაში 700-მდე პირი მონაწილეობდა.