მეტროსადგურ „დელისზე“, მატარებელში ზეთის გადახურების გამო, მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა
მეტროსადგურ „დელისზე“, მატარებელში ზეთის გადახურების გამო, მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა

დღეს დილით მეტროსადგურ „დელისზე“ მყოფ მატარებელში ზეთის გადახურების გამო, სპეციფიკური სუნი დადგა, რის გამოც მემანქანემ მგზავრებს შემადგენლობის დაცლა მოთხოვა, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მგზავრების ჩამოსვლის შემდეგ მატარებელი ჩიხში იქნა გადაყვანილი და ის სხვა შემადგენლობით ჩანაცვლდა, რასაც მოძრაობის შეფერხება არ მოჰყოლია.

მეტროში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს. მათი ცნობით, სადგურზე დამწვრობის მძაფრი სუნი დადგა, რის გამოც მემანქანემ მგზავრების ევაკუაცია გამოაცხადა.

ბოლო კვირების განმავლობაში მეტროს მუშაობა რამდენჯერმე შეფერხდა: 29 მარტს მეტროსადგურ „სამგორში“ შემადგენლობას ტექნიკური ხარვეზი დაუდგინდა, რის შემდეგაც მატარებელი ჩიხში გადაიყვანეს და სხვა შემადგენლობით ჩაანაცვლეს. შედეგად, რამდენიმე წუთის განმავლობაში მგზავრებს მატარებელი ვერ ემსახურებოდა.

22 მარტს ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა „სადგურის მოედანზე“, წინა დღეს კი ასევე „სამგორში“.