მეტროს მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში თბილისში მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს
მეტროს მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში თბილისში მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა ბოდიში მოვუხადო თბილისის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. ვინაიდან მიმდინარე გაფიცვა პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი (მხედველობაში მაქვს მუნიციპალიური ავტობუსები) მოსახლეობას მოემსახუროს უფასოდ. ამასთან, არსებულ ავტობუსების ნაკადებს დავამატოთ ჩვენს ხელთ არსებული რეზერვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოუწოდა მეტროს მემანქანეებს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაუყონებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.
მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველამეტროსადგური დაკეტილია. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“, დილის 06:00 საათზე მოსახლეობას მეტროს შესასვლელში დახვდა წარწერა „მეტრო დაკეტილია, გთხოვთ ისარგებლოთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ”.
მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ.