მეტროს გაფიცული მემანქანეებისა და დედაქალაქის მთავრობის მოლაპარაკებები დღესაც გაიმართება
მეტროს გაფიცული მემანქანეები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.
ერთ-ერთი მემანქანე რატი კაპანაძე პირველ არხთან აცხადებს, რომ თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრას დადებითად აფასებენ.
„მერის აქ მოსვლა არის დადებითი ნაბიჯი, რადგანაც დაიწყო მოლაპარაკებების ეტაპი. საბედნიეროდ, გაიმართა ეს შეხვედრა ჩვენსა და კახა კალაძეს შორის, მაგრამ სამწუხაროდ, არ იყო ის კონკრეტიკა, რაც დააკმაყოფილებდა გაფიცულ ადამიანებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება და კონკრეტულ დადებით შედეგამდე მივალთ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს გაგრძელდება შეხვედრები მოლაპარაკების მაგიდასთან, დადებითად და ლოგიკურ დასკვნამდე მივა ეს ყველაფერი. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კონკრეტიკა და გამოკვეთილი დეტალები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მემანქანე რატი კაპანაძემ.
გლდანის დეპოსთან აქცია კვლავ მიმდინარეობს. მემანქანეები მესამე დღეა, შიმშილობენ. აქციის მონაწილეების თქმით, აქციები გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც გაჩერებულია. თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის გვიან ღამით შეხვედრა შედგა, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. როგორც ერთ-ერთმა მემანქანემ განაცხადა, მერის შემოთავაზება, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერია მსჯელობას 2019 წლიდან დაიწყებს, მათთვის მიუღებელია.