კახა კალაძე - მეტროს ვაგონები ექსპლუატაციის რესურსის ამოწურვისთანავე ახალი ვაგონებით ჩანაცვლდება 
კახა კალაძე - მეტროს ვაგონები ექსპლუატაციის რესურსის ამოწურვისთანავე ახალი ვაგონებით ჩანაცვლდება 

ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მეტროს ვაგონების ეტაპობრივ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს საკრებულოში, დეპუტატ შალვა ოგბაიძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატი დაინტერესდა, რა გრაფიკით განხორციელდება მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლების პროგრამა.

„მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ეტაპობრივი ჩანაცვლება. მეტროს ვაგონებს, რომლებიც დღეს ემსახურება თბილისის მოსახლეობას, გარკვეული დროის შემდეგ ეწურება გადაადგილების და მოძრაობის რესურსი. შესაბამისად, სჭირდება ჩანაცვლება.

ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ რესურსის გასვლისთანავე ისინი ჩანაცვლდეს ახალი ვაგონებით. როდესაც აღნიშნულ ვაგონს დაუმთავრდება ექსპლუატაციის ვადა, შემოვა მეტროს ახალი ვაგონები. თუ რომელი ფირმის იქნება, ამჯერად პასუხი არ მაქვს, რადგან ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა. ფასთა კვლევაზე გვაქვს გაშვებული, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ შესყიდვაზე ტენდერს და გვეცოდინება, რომელი კომპანია იქნება მომწოდებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.