მეთიუ ბრაიზა - ვფიქრობ, თბილისის პლატფორმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის გააქტიურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც უკვე აქვს კონკრეტული შედეგები
ძალიან გამიხარდა, როდესაც საქართველომ, აშშ-ის გარკვეული დახმარებით, შეძლო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობა, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის საპატიმროში მყოფმა სომხეთის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლეს, – ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, მეთიუ ბრაიზამ ანტალიაში საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ამ შეთანხმებამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობის შემცირებას ხელი შეუწყო.
„ძალიან გამიხარდა, როდესაც ვნახე, რომ საქართველომ, აშშ-ის გარკვეული დახმარებით, შეძლო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობა, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის საპატიმროში მყოფმა სომხეთის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლეს. შეთანხმებით ასევე მოხდა აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკის მიწოდება, სადაც აღნიშნულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსებული ნაღმების ადგილმდებარეობა. ეს შეთანხმება იყო გარღვევა, რაც დაეხმარა დაძაბულობის შემცირებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც იზრდებოდა სასაზღვრო ზონაში. ამ შეთანხმებამ სავარაუდოდ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. ვფიქრობ, თბილისის პლატფორმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის გააქტიურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც უკვე აქვს კონკრეტული შედეგები. ისტორიულად, საქართველო იყო ადგილი, სადაც ყველა ერთმანეთს ხვდებოდა. თბილისი იყო აზერბაიჯანელების, სომხების, სპარსელების და უამრავი სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის ქალაქი, რაც მას განსაკუთრებულს ხდის“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.