დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

18-19 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ანტალიას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში.

დიპლომატიურ ფორუმს ანტალიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გახსნიან. სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, დიპლომატები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები წელს ფორუმის ფარგლებში იმსჯელებენ პანდემიის გამოწვევებზე, გლობალურად შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და ამ კონტექსტში დიპლომატიის როლის მნიშვნელობაზე.

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელზე – სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონალური მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. „ანტალიის დიპლომატიის ფორუმი“ მაღალი დონის ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ანტალიის ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ კონტექსტში ხდება იდეების გაცვლა, განიხილება საერთაშორისო გამოწვევები და ისახება შესაბამისი სამოქმედო გეგმები.