ანტალიაში ხვალ დიპლომატიური ფორუმი გაიხსნება
ანტალიაში ხვალ დიპლომატიური ფორუმი გაიხსნება

ანტალიაში ხვალ დიპლომატიური ფორუმი გაიხსნება, რომელზეც რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავენ.

დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეებს სიტყვით მიმართავს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ფორუმის მოდერატორი იქნება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის მეთაური ან მთავრობის წევრი და 40-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. მათ შორის იქნებიან: ირანის საგარეოს საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ასევე, რუმინეთის, მონტენეგროს, უკრაინის, მალტის, ხორვატიის, ერაყის, ყირგიზეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა და ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნეისელი.

ანტალიის ფორუმის მონაწილეებს შორის არის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი. მას ასევე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია 17 თემატური სესია. განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: „ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ახალი ეპოქა“; „ყალბი ახალი ამბები ინტერნეტში“; „სამხრეთ კავკასია; „ახალი შესაძლებლობები რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ და ა.შ.