მეტეხის ხიდთან უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
მეტეხის ხიდთან მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ინგოროყვას კლინიკაში დაუდასტურეს.
„პაციენტი 18:36 საათზე იქნა შემოყვანილი. როგორც მათგან გახდა ცნობილი, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. პაციენტი შემოვიდა კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში, მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით. სახეზე იყო ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა ფუძისა და ქალას სარქვლის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, კომატოზური მდგომარეობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, მარჯვენა ზედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობა. სახეზე იყო პრაქტიკულად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა და 20:45 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეონა ხუჭუამ.
საავადმყოფოში რჩება შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი, კორეის მოქალაქე მამაკაცი.
მეტეხის ხიდთან დღეს რკინის კონსტრუქციის მაგიდა და სკამები ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამი ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდა. ადგილზე დაიღუპა კორეის მოქალაქე მამაკაცი. კორეის კიდევ ორი მოქალაქე – ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა უამინდობამ გამოიწვია.