მესტიის მუნიციპალიტეტის მერია - პირველადი ინფორმაციით, „ლეხზირის“ მყინვარზე საფრთხეები აღარ არსებობს
პირველადი ინფორმაციით, საფრთხეები უკვე აღარ არსებობს და „ლეხზირის“ მყინვარზე წყალი აღარ არის დაგუბებული, – ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„გუშინ ღამე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიიღო ინფორმაცია მყინვარ „ლეხზირზე“ მდინარის დაგუბების შესახებ. საფრთხეების პრევენციის მიზნით, დროებით ჩაიკეტა ხეობაში შესასვლელი გზა.
მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტში ოპერატიულად ჩამოვიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მყინვარის ტერიტორიაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, წუხელ, ღამის საათებში მიავლინა ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი, რომლებმაც გადაიღეს ფოტო და ვიდეომასალა არსებული მდგომარეობის შესახებ.
პირველადი ინფორმაციით, საფრთხეები უკვე აღარ არსებობს და „ლეხზირის“ მყინვარზე წყალი აღარ არის დაგუბებული. ხვალიდან გაიხსნება სამანქანო გზა და გაგრძელდება მესტიაჭალაზე მიმდინარე სამუშაოები.
აღნიშნული პროცესების შესახებ, საბოლოო დასკვნა, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ უახლოეს მომავალში დაიდება.
აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მსხვერპლის არსებობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.