მესტიის მერი აცხადებს, რომ სოფელ ლატალთან ხანძრის ქრობაში ხვალ შესაძლოა, ვერტმფრენი ჩაერთოს
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ სოფელ ლატალთან ხანძრის დასახლებულ პუნქტთან მიახლოების საფრთხე არ არსებობს.
მისივე თქმით, ადგილი მიუვალია და მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს, თუმცა შესაბამისი ამინდის შემთხვევაში, ხვალ სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება.
„დასახლებულ პუნქტებთან არ არის მიახლოებული და ვერც მიუახლოვდება, რადგან იქ ღელე ჩამოდის. ვერც აქეთ გადმოვა. ბალახი იწვის, წიწვოვანი ხეებიც, მაგრამ დიდი აალება არ ხდება. სამაშველო სამსახურის 80-მდე თანამშრომელი მუშაობს, მაგრამ მძიმე ტექნიკა ვერ მიდის, რადგან მაღლა არის. შესაბამისად, ხვალინდელ დღეს დაველოდებით. თუ ამინდი იქნება, ვერტმფრენი გამოვა. თუ უამინდობა იქნება, ალბათ წვიმაც დაგვეხმარება ჩაქრობაში. ამ დროისთვის მაღლა მთაში არის და ხელით ასრულებენ სამუშაოს“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანი.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძრის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.