მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მესტიაში გამთენიისას საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ადგილობრივების თქმით, სახლი შიგნიდან ხის მასალით იყო მოპირკეთებული, რის გამოც ცეცხლი სწრაფად მოედო და შენობის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცეცხლი მეზობლის საცხოვრებელ სახლზეც გავრცელდა.

ადგილზე მესტიის სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და მესტიის აეროპორტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ, რომლებმაც მეზობელი სახლის გადარჩენა შეძლეს.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაზარალებულს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.