მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია მესამე დღეა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია შეწყდეს სვანეთში ჰესების მშენებლობა და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოება.
„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობამ“ წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, რომ დაიწყოს ფართომასშტაბიანი დისკუსია სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის.
მათივე მოთხოვნით, უნდა მოიწვიონ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტები და სწორად მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა მიმართავს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და გამოიყენებს ყველა ლეგიტიმურ ხერხს სვანეთში ჰესებისა და ოქროს მოპოვებითი პროექტების შესაჩერებლად.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დათო გულბანმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს, 16:00 საათზე იგეგმება აქციის მონაწილეთა შეხვედრა ჰესის მშენებელ კომპანიასთან.
მესტია-ჭალა ჰესის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყო, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „სინერჯი გრუპი“ აწარმოებს.