მეორე დღეა, მესტიაში სასტუმროების მეპატრონეები აქციას მართავენ
მეორე დღეა, მესტიაში სასტუმროების მეპატრონეები აქციას მართავენ

მეორე დღეა, მესტიაში სასტუმროების მეპატრონეები აქციას მართავენ.  აქციის მონაწილეები საბანკო სესხების შეჩერებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შეუწყდათ, რაც მათთვის ერთადერთი საარსებო წყარო იყო.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის მიერ სესხების ექვსი თვით გადავადების შემდეგ, მათ გაორმაგებული გადასახადები მიუვიდათ და ახლა შეიქმნა საშიშროება, რომ ბანკები სასტუმროებსა და სახლებს წაართმევენ.

„სესხების გადახდას ვეღა ვახერხებთ. მანქანებიც ვერ გავყიდეთ, რომ რაღაც პერიოდი პრობლემა მოგვეხსნა. არც ზამთრისთვის გვაქვს რამე შემოსავალი. ბანკმა რომ სასტუმრო წამართვას, ქუჩაში დავრჩებით ექვსსულიანი ოჯახი. ვითხოვთ სესხების შეჩერებას და არა – გადავადებას. სანამ პრობლემას არ გადაგვიჭრიან, ვიდგებით აქ სისტემატურად. არ დავიღლებით. სხვა გზა აღარ გვაქვს“, – განაცხადა ლილე ჩართოლანმა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მსგავსი პრობლემა მესტიაში 300-მდე სასტუმროს მეპატრონეს აქვს. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, შეარჩიონ სამი ადამიანი, რომლებიც მათ პრობლემებზე მთავრობის ადმინისტრაციაში ყველას სახელით ილაპარაკებს. ჟორჟოლიანის თქმით, ამის მიუხედავად, სასტუმროების მეპატრონეები აქციებს აგრძელებენ.

მესტიის შესასვლელში ზუგდიდი – ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზა დილიდან მანქანებით არის ჩახერგილი და აქციის მონაწილეები მხოლოდ მედპერსონალს და ავადმყოფებს ატარებენ.