მესამე პირის დაზღვევა იმ მძღოლებისთვისაც იქნება სავალდებულო, რომლებიც კერძო დაზღვევით უკვე სარგებლობენ
ავტომფლობელებს, რომლებიც კერძო სადაზღვევო პაკეტით უკვე სარგებლობენ, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ სადაზღვევო პაკეტის ცვლილება მაინც მოუწევთ.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი თუთარაშვილის თქმით, მართალია, კერძო სადაზღვევო პაკეტებში მესამე პირის დაზღვევა შედის, მაგრამ არ არის კონკრეტული ჩანაწერები, რომლებსაც ახალი რეგულაციები მოითხოვს.
„ვინაიდან ბაზარზე მოქმედი პროდუქტები არ შეიცავს კონკრეტული პირობების გარკვეულ ჩანაწერებს, მათ მოუწევთ აღნიშნული პოლისების რედაქტირება და ახალი სადაზღვევო პოლისის აღება. მძღოლები შეიძენენ ახალ დაზღვევას“, – განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა.
ცვლილებები „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა. ამოქმედება კი, 2019 წლის პირველი ივლისიდან არის გათვალისწინებული.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან მძღოლის გადაადგილება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე სანქციებს გამოიწვევს.
ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.