ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სანქციების მიუხედავად, ძვირად ღირებული ავტომობილები რუსეთში ლიეტუვის გავლით გადაჰყავთ
ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სანქციების მიუხედავად, ძვირად ღირებული ავტომობილები რუსეთში ლიეტუვის გავლით გადაჰყავთ

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სანქციების მიუხედავად, ძვირად ღირებული ავტომობილები რუსეთში ლიეტუვის გავლით გადაჰყავთ. როგორც ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო სტატიაშია ნათქვამი, ავტოდილერები ღიად ავრცელებენ რეკლამას, რომ ელიტური ავტომობილების გადასაყვანად ლიეტუვა-ბელარუსის მარშრუტს იყენებენ, ხოლო სოციალური ქსელებით ყიდიან ლიეტუვის სატრანზიტო სანომრე ნიშნებს.

ისინი სოციალურ ქსელებში ასევე ავრცელებენ ფოტოებს, როგორ შეიძლება რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა. ერთ-ერთ ასეთ გზად სახელდება ავტომობილის ყიდვა დანიაში ან გერმანიაში, მისი ტრანსპორტირება ლიეტუვისა და ბელარუსის საზღვრამდე, რაც ევროპული ლოგისტიკური კომპანიის დახმარებით არის შესაძლებელი. ბელარუსში ავტომობილს უტოვებენ ორიგინალ სანომრე ნიშნებს ან ცვლიან მათ ლიეტუვის სატრანზიტო ნომრებით. შემდეგ ავტომობილებს ტვირთავენ რუსულ სატვირთოებზე და რუსეთში ჩაჰყავთ.

ლიეტუვის ხელისუფლების ცნობით, რუსეთში ელიტური ავტომობილები არა ფირმებს, არამედ კერძო პირებს გადაჰყავთ. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა. ასევე სატრანზიტო ნომრების მოხსნის დროს არ არის სავალდებულო საბოლოო დანიშნულების ადგილის მითითება, შესაბამისად, შეუძლებელია იმის დაკვირვება, რამდენი ავტომობილი აღმოჩნდა ლიეტუვის გავლით რუსეთში.

სტატიაში კიდევ ერთ სატრანზიტო მარშრუტად დასახლებულია ლიეტუვის პორტი კლაიპედა. ყველაზე გავრცელებული გზა არის ბელარუსის მოქალაქის პოვნა, რომელიც მუშაობს პოლონეთში, და მასთან მოლაპარაკება, რომ ის ავტომობილს პორტიდან გაიყვანს. ეს დაახლოებით 500 ევრო ჯდება.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყბლის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ძვირად ღირებული ავტომობილების რუსეთში გაყიდვა აკრძალულია, რუსეთის მოქალაქეებს მაინც აქვთ შესაძლებლობა, ასეთი მანქანები შეიძინონ.

სტატისტიკური მონაცემებით, შარშან ლიეტუვის გავლით ყაზახეთში 31 მილიონი ევროს ღირებულების ავტომობილი გადაიყვანეს, რაც წინა წლებთან შედარებით 20-ჯერ მეტია. ამასთან, 30-ჯერ მეტი ღირებულების ავტომობილის გადაზიდვა მოხდა ყირგიზეთში, თუმცა ამ მხრივ ლიდერი ბელარუსია. მხოლოდ წელს, პირველ სამ თვეში, ლიეტუვიდან ბელარუსში 200 მილიონი ევროს ღირებულების ავტომობილები გადაიყვანეს.