სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის მძღოლი დაჯარიმდება
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის მძღოლი დაჯარიმდება

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან მძღოლის გადაადგილება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე სანქციებს გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც უშუალოდ საქართველოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ეხება.

კანონპროექტით  გათვალისწინებულია სანქციის ოდენობა. კერძოდ, პროექტით კონკრეტდება, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისას 100 ლარით დაჯარიმდება მოტოციკლის (რომლის ძრავას მუშა–მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია), მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 8-ს არ აღემატება), სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარევა კი, 200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ამასთან, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72 საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება,  ის მეორედ დაჯარიმდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. ამოქმედება კი, 2019 წლის პირველი ივლისიდან არის გათვალისწინებული. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.