მელაანის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი განხორციელდება
თბილისის მერიისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, მელაანის ქუჩაზე მდებარე უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მელაანის ქუჩაზე უკანონოდ ჩასახლებულ, ეგრეთ წოდებულ მესაკუთრეებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა და ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ ადგილზე გააცნეს.
მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, ინდივიდუალურად მოხდება თითოეული საქმის შესწავლა და სახლების ე.წ. მფლობელებს გონივრული ვადები მიეცემათ, რომ შენობები თვითონ დაანგრიონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, უკანონო სახლების მფლობელები 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, სახლების დემონტაჟს კი მერია თვითონ განახორციელებს.
ამ ეტაპზე საუბარია 25 სახლზე, რომლებიც უკანონოდ, მერიისგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მოქალაქეებმა სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე ააშენეს.
“პირველი არხის” კორესპონდენტის ინფორმაციით, მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მერიისგან გარკვეულ დათმობებს მოითხოვს. უკანონო სახლების მფლობელები მათ მიერ განხორციელებულ კანონდარღვევას აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სახლები გამოუვალი მდგომარეობის გამო ააშენეს. მათი თქმით, უმეტესობა უსახლკარო და სოციალურად დაუცველია.