მერი მაღლაფერიძე - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაგზავნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაწესებულებაში დარჩება, პანსიონი ჩვენთან თანამშრომლობს 
მერი მაღლაფერიძე - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაგზავნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაწესებულებაში დარჩება, პანსიონი ჩვენთან თანამშრომლობს 

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაგზავნილია სოციალური მუშაკების სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაწესებულებაში დარჩება.

მისივე თქმით, ერთის მხრივ, ჯგუფი ბავშვების მდგომარეობას სრულად აფასებს და ამავე დროს, მუშაობს იმ მიმართულებით, თუ ვის სურს დაწესებულების დატოვება.

როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, ჯგუფი გაგზავნილია, რათა პანსიონში მაქსიმალური უსაფრთხოება იყოს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გაწერილი რეაგირების პროტოკოლი, რომელსაც ვიცავთ და დავიცავთ მომავალშიც. როდესაც ჩვენთვის ცნობილი ხდება რაიმე ტიპის ძალადობის ან ეჭვის შესახებ, ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი ყველა იმ უწყების ვალდებულება, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს. პანდემიის დროს, როდესაც სოცმუშაკები ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ ბავშვებს, მათ დარღვევებისა და ძალადობის შესახებ ნამდვილად არაფერი უთქვამთ. იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით, ყველა ჯერზე მივმართეთ სამართალდამცველ ორგანოებს და რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, ყველა ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ბოლოს დარღვევასთან დაკავშირებით ბავშვებმა ინფორმაცია მოგვაწოდეს 10 დღის წინ. საუბარია ძალადობაზე. ბავშვმა დაასახელა, რომ მისი პანსიონატში ცხოვრების დროს ერთ-ერთი აღმზრდელი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ის ამჟამად არ იმყოფება პანსიონატში, მანამდე იყო გადმოყვანილი. ეს ფაქტიც დაფიქსირებულია შსს-ში. ბავშვმა გვითხრა, რომ ეს ფაქტი არის სამი წლის წინანდელი. ასევე მინდა გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ ადგილზე იმყოფებიან სოციალური მუშაკები, გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე, გაგზავნილი იქნა ფსიქოლოგები, რომ ჩართულიყვნენ ამ პროცესში. ამ წუთებშიც დაწესებულებას რეგულირების სააგენტოც ამოწმებს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

კითხვაზე, რას ცვლის სააგენტოსთვის ის ფაქტი, რომ გუშინ ბენეფიციარებმა სამი დღის წინ მომხდარი ძალადობის ფაქტის შესახებ განაცხადეს, მერი მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ სააგენტოს მხრიდან მყისიერი რეაგირება განხორციელდა და ბავშვები პანსიონიდან გამოიყვანეს.

„რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის განცხადებები ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოხდა მყისიერი რეაგირება, ბავშვები გამოვიყვანეთ პანსიონიდან. ჩაერთნენ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკებიც. რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყო ამ ფაქტებთან დაკავშირებითაც. ეს ფაქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბავშვმა თქვან და ყველა პროტოკოლი ამ თემასთან დაკავშირებით გატარებულია. მათი გამოყვანა გუშინ მოხდა, მას შემდეგ, რაც განაცხადეს. ახლაც მიდის მათთან მუშაობა, რადგან საკმაოდ დასტრესილი არიან. ეს პროცესები ბავშვებისთვის ძალიან რთულია. რთულია როგორც ძალადობაზე საუბარი, ასევე პრესის მაღალი ინტერესი მათ მიმართ. გიდასტურებთ, რომ ბავშვებთან სპეციალისტები ახლაც მუშაობენ“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

ამასთან, როგორც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ განაცხადა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფება სოციალური მუშაკების ჯგუფი, რომელიც დაწესებულებაში დარჩება.

„დაწესებულება ჩვენთან თანამშრომლობს და უარს ამაზე ნამდვილად არ გვიცხადებს. იქ ცხოვრობს ოთხი სოციალური მუშაკი და იქნებიან სწორედ იმიტომ, რომ კარგად ვაცნობიერებთ, როდესაც ასეთი საუბარი ხდება, რა თქმა უნდა, იზრდება რისკები. იმ ბავშვების გამოყვანაც, რომლებმაც გუშინ მედიასთან ისაუბრეს, სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ეს რისკები იყოს მაქსიმალურად დაზღვეული და ინფორმაცია მათგან იქნეს სრულად მოპოვებული“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია, როდესაც არასამთავრობო სექტორი ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას მოითხოვს ​პანსიონიდან, მერი მაღლაფერიძემ აღნიშნა:

„ზოგადად ქვეყანაში მიმდინარეობს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. სამწუხაროდ, დარჩენილია რამდენიმე დიდი ზომის ინსტიტუცია, თუმცა მათი დეინსტიტუციონალიაზაციაც ძალიან დინამიური პროცესშია. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ჩარჩოები. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაა, რომ ბავშვები მაქსიმალურად ოჯახთან მიახლოებულ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ, რომელსაც ვერ ქმნიან დიდი ზომის ინსტიტუციები. მესმის, რომ დაუყოვნებლივ ითხოვენ მათ გამოყვანას, რათა იქ უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი. სპეციალური ჯგუფი გვყავს გაშვებული, რომელიც მათთან მუშაობს. ერთის მხრივ, ბავშვებს აფასებს სრულად და ამავე დროს, მუშაობს იმ მიმართულებით, თუ ვის სურს დაწესებულების დატოვება. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა. მეც იგივე მოთხოვნა გამიჩნდებოდა, სხვა მხრიდან რომ შემეხედა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის გვყავს იქ ჯგუფი გაგზავნილი, რომ იქ მაქსიმალური უსაფრთხოება იყოს“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.