მერი მაღლაფერიძე - ექვსი არასრულწლოვანი, რომლებმაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვეს, პანსიონიდან უკვე გამოიყვანეს
მერი მაღლაფერიძე - ექვსი არასრულწლოვანი, რომლებმაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვეს, პანსიონიდან უკვე გამოიყვანეს

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ექვსი არასრულწლოვანი, რომლებმაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვეს, პანსიონიდან უკვე გამოიყვანეს.

მისი თქმით, ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა კიდევ ათამდე ბავშვის გადაყვანასთან დაკავშირებით.

„მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო დაწესებულებაში, ექვსმა ბავშვმა გამოთქვა სურვილი, რომ უნდოდა სახელმწიფო ზრუნვის ფორმის გამოცვლა. ექვსივე ბავშვი გამოყვანილია პანსიონიდან და ახლა კიდევ გრძელდება დამატებით 10 ბავშვთან მუშაობა.

ამავდროულად, მიმდინარეობს სხვა ბავშვების შეფასების პროცესიც. ბავშვების ზრუნვის შეცვლის ფორმას გარკვეული მუშაობა სჭირდება. ეს გადაწყვეტილებები მათთან შეთანხმებით უნდა იქნას მიღებული. ამისთვის ჩვენ სპეციალური ჯგუფი გვყავს გაგზავნილი, რომლებიც იქ დარჩებიან და არ დატოვებენ დაწესებულებას, ვიდრე არ გვეცოდინება, რომ იქ ყველაფერი წყნარად არის.

ბავშვებმა დაწესებულებიდან გასვლის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს ის, რომ მათ სურდათ ქალაქთან ახლოს ყოფნა და ისინი აქეთ სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ. მათი ასაკი 10-დან 16-წლამდეა.

რაც შეეხება ათ ბავშვს, რომელთანაც მიმდინარეობს მუშაობა, ისინი რომ ითხოვდნენ ასე პირდაპირ გადაყვანას, უკვე გადმოყვანილი იქნებოდნენ. მიმდინარეობს მუშაობა, რომ მათი სურვილები დაფიქსირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია გადმოყვანის პროცესში ბავშვების სურვილები და როგორც კი გვექნება, იმ დროს გადმოვიყვანთ“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

ამასთან, კითხვაზე, სოციალურ მუშაკებს თუ შექმნიათ პრობლემა დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით, მერი მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ პრობლემა ნამდვილად იყო, მიზეზად კი, პანდემია დასახელდა. თუმცა, როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, ბავშვებთან კომუნიკაცია ტელეფონების მეშვეობით მყარდებოდა.

პანსიონი საკმაოდ დიდი ხანია, ფუნქციონირებს, თუმცა 2015 წელს მოხდა მათი ლიცენზირება, დაიწყო ბავშვების შეფასება და ბავშვების ოფიციალურად ჩარიცხვის პროცესი. იმ დროისთვის იყო 127 ბავშვი. მას შემდეგ გამოვიყვანეთ 74 ბავშვი, ამას კიდევ დაემატა ექვსი და დღეისთვის ადგილზე 47 ბავშვი იმყოფება. მას შემდეგ, რაც მოხდა ლიცენზირება, სოციალურ მუშაკებს არ შექმნიათ პრობლემა გასული წლის ზაფხულის დასაწყისამდე. აქ მიზეზად დასახელდა პანდემია. პანდემიის პროცესში ნამდვილად ვცდილობდით, ვიზიტების რაოდენობა შეგვემცირებინა და ამის ხარჯზე გვქონოდა სატელეფონო კომუნიკაცია. კომუნიკაცია ამ პანსიონთანაც ნარჩუნდებოდა. აპრილიდან სოციალურ მუშაკს კვლავ მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო დაწესებულებაში. მან დაიწყო ინტენსიური მუშაობა და შედეგად გვაქვს ის, რომ ექვსი ბავშვი გამოყვანილია.

ნამდვილად იყო შესვლის პრობლემა, რომელიც პანსიონის მხრიდან ახსნილი იყო პანდემიიდან გამომდინარე. თუმცა, აქვე დავძენ, რომ სწორედ პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ სხვა დაწესებულებებიც გვექვემდებარება და სოციალურ მუშაკებს იქ თვეში 2-3 ვიზიტის განხორციელების საჭიროება აქვთ. აღარ ვსაუბრობ ვალდებულებაზე, თუმცა პანდემიის პერიოდში, რა თქმა უნდა, ვცდილობდით, მობილობა შეგვემცირებინა, რადგან სწორედ ასეთი მობილობის დროს ვრცელდება ვირუსი. ჩვენს სოციალურ მუშაკებს მუდმივად ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია ბავშვებთან. ბავშვებს აქვთ ტელეფონები“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.