მერი ჩაჩანიძე - ქართული ობლიგაციების ბაზრის მოცულობა 20 პროცენტით 12 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
ქართული კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის მოცულობა მეორე კვარტალში გასულ წელთან შედარებით 20 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 12 მილიარდ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ საბროკერო კომპანიის „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს დღეს განაცხადა.
დისკუსიის დროს გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა ობლიგაციების ბაზრის ზრდის ტენდენციაზე გააკეთა აქცენტი და ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ქართული ობლიგაციების ბაზარი 2018 წლამდე საშუალოდ 23 პროცენტით იზრდებოდა და გასულ წელს 10 მილიარდ ლარს მიაღწია. 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, გაცილებით მაღალი ზრდა შეინიშნება, რადგან მხოლოდ პირველ კვარტალში აღნიშნული 10 მილიარდი ლარი 11 პროცენტით 11 მილიარდამდე გაიზრდა.
გადაცემაში აღინიშნა, რომ ქართული ობლიგაციების ბაზარი სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების, კომპანიების მიერ გამოშვებული ევროობლიგაციებისა და ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე გამოშვებული ობლიგაციების (კომპანიების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები) შედგება.
ჩაჩანიძის ინფორმაციით, მეორე კვარტალში ზრდა კიდევ უფრო მაღალია. ის მიიჩნევს, რომ ობლიგაციების ბაზრის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება, რადგან კომპანიები დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებას ცდილობენ.
„მეორე კვარტალში „თიბისი ბანკმა“ ორი ევროობლიგაცია განათავსა და წინა კვარტლის ზრდის 11 პროცენტი 20 პროცენტით შეიცვალა. ობლიგაციების ბაზარი ჯამურად 12 მილიარდ ლარს აღწევს. ეს ციფრები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიები ცდილობენ, თავიანთი დაფინანსების რაც შეიძლება მეტი დივერსიფიცირება მოახდინონ და საფინანსო ინსტიტუტების სესხების გარდა, კაპიტალის ბაზრიდან მოზიდულ რესურსებზე იყვნენ დამოკიდებული“, – განმარტა მერი ჩაჩანიძემ.
როგორც მან გადაცემაში განაცხადა, ობლიგაციების საერთო მოცულობაში კერძო ობლიგაციების წილი მნიშვნელოვნად იზრდება და ზრდამ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, წინა წელთან შედარებით, 50 პროცენტი შეადგინა. მისი აზრით, მთელი რიგი ფაქტორების გამო, ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტი იქნება.
„კერძო ობლიგაციების წილი მნიშვნელოვნად იზრდება. უშუალოდ ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციები 50 პროცენტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. ტემპი მაღალია და ვფიქრობთ, ეს არათუ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ კომპანიები, რომლებმაც ობლიგაციები გამოუშვეს, ობლიგაციების გამოსყიდვის ვადის დადგომის დროს ხელახლა გამოუშვებენ, ანუ რემისია მოხდება. ამასთან ერთად, მაინც თითზე ჩამოითვლება კომპანიები, რომლებმაც ობლიგაციები განათავსეს და მოსალოდნელია მათი რაოდენობის ზრდა. რაც მეტად იზრდება კომპანია და მართვის სტრუქტურას აუმჯობესებს, მისთვის ბარიერები მცირდება.
ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომავალში აუცილებლად გაიზრდება ისეთი კომპანიების რიცხვი, რომლებიც მზად იქნებიან ინვესტორებისთვის საინტერესო ფასიანი ქაღალდები გამოუშვან“, – განმარტა კომპანია „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.