მერაბ კოკოჩაშვილი - მასმედია თავის ფუნქციას ბოლომდე რომ ასრულებდეს, ის აუცილებლად სიღრმისეულიც უნდა იყოს
მერაბ კოკოჩაშვილი - მასმედია თავის ფუნქციას ბოლომდე რომ ასრულებდეს, ის აუცილებლად სიღრმისეულიც უნდა იყოს

თუ გვინდა, მასმედია თავის ფუნქციას ბოლომდე ასრულებდეს, ის აუცილებლად სიღრმისეულიც უნდა იყოს, – ასე უპასუხა კინორეჟისორმა, მერაბ კოკოჩაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანის შეკითხვას, რა აკლია მასმედიას და რა აქვს გასაუმჯობესებელი.

„სიღრმისეულობა მხოლოდ ელემენტარული ინფორმატიკით არ მოდის. ახალ ამბავს აუცილებლად ესაჭიროება სიღრმისეული გახსნა – რატომ, რისთვის, როგორ. ამისთვის უნდა იცოდე ყველაფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ სიღრმისეულობას რომ მივაღწიოთ, კიდევ რამდენიმე ფაქტორი უნდა იყოს შემოსული, როგორც ინფორმატიკაში და მასმედიაში, ისე საერთოდ, ჩვენ ცხოვრებაში. ეს არის განათლება და ეს არის კულტურა“, – განაცხადა კოკოჩაშვილმა.

მისი თქმით, მედია ჯერჯერობით, ახერხებს დაპირისპირებამდე ასვლას, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გახსნას ვეღარ ახერხებს. 

„მესმის, რომ მედიას აუცილებლად სჭირდება საზოგადოების ინტერესი და რეიტინგი, რაც აბსოლუტურად სწორია და ეს ეფუძნება დრამატურგიის კანონებს, რაც ნებისმიერ შემოქმედებაშია, მაგრამ ამ კანონებში აუცილებლად არის კულმინაციამდე ასვლა, როდესაც ინგრევა ის, რაც აქამდე იყო და მოდის ის, რაც თურმე, ჭეშმარიტებაა – დაპირისპირებაში, ადამიანთა ურთიერთობაში, ადამიანისა და საზოგადოების, ადამიანის და სახელმწიფოს, საკუთარ შინაგან სამყაროსთან წინააღმდეგობაში და ასე შემდეგ. მედია ჯერჯერობით, ახერხებს ამ დაპირისპირებამდე ასვლას, მაგრამ მეჩვენება, რომ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გახსნას ვეღარ ახერხებს ხოლმე. მოგეხსენებათ, ნებისმიერი მუსიკალური მრავალხმიანი ნაწარმოები, განსაკუთრებით გურული, რომელიც სხვადასხვა ხმებშია დაშლილი, თუ ჰარმონიაში ვერ მოვიდა, ისე ვერ სრულდება“, – განაცხადა კოკოჩაშვილმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, აკლია თუ არა შინაარსი პოლიტიკურ კლასს და არის თუ არა ის ასეთივე დამნაშავე იმაში, რაც ქართულ ჟურნალისტიკაში ხდება, მერაბ კოკოჩაშვილმა განაცხადა, რომ ეს ასეა, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტის გადაწყვეტილებები ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც თუნდაც, რვა-ათი წლის წინ იყო.

„დღეს დემოკრატიისკენ სვლა სრულიად ნათელია, მაშინ კი ყველაფერი პირიქით მიდიოდა. ვფიქრობ, მედია არის სარკე. პოლიტიკურ კლასში ზუსტად იგივე ამბები ხდება – უწყვეტი დაპირისპირებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჰარმონიულად არ მთავრდება და ეს ძალიან სამწუხაროა. თუმცა, თუ მსოფლიო ისტორიას გადავხედავთ, ჩვენ ნუ გაგვიკვირდება, რომ ჩვენთან ასეთი მდგომარეობაა და პოლიტიკური ელიტა ვერ არის იმ დონეზე, რომელზედაც უნდა იყოს. ეს გრძელი გზაა, პროცესი, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ, თუ გვინდა, ცივილიზებული, ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა შევქმნათ. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებები არის, ვფიქრობ, ეს პროცესი უკეთესობისკენ მიდის“, – განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.