თამარ ლეფსვერიძე - ევროპის ყველა ქვეყანაშია მედიარეგულაციები და გაცილებით მკაცრი, ვიდრე ჩვენთან არის საუბარი
თამარ ლეფსვერიძე - ევროპის ყველა ქვეყანაშია მედიარეგულაციები და გაცილებით მკაცრი, ვიდრე ჩვენთან არის საუბარი

ევროპის ყველა ქვეყანაშია მედიარეგულაციები და არის გაცილებით მკაცრი, ვიდრე ჩვენთან არის საუბარი, – ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ლეფსვერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადოებასა და მედიას შორის არის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობის კონტრაქტი. მნიშვნელოვანია, საზოგადოება და მედია შეთანხმდნენ წესებზე და ამ წესების მიხედვით იმოქმედონ, მაგრამ დღევანდელ რეალობაში, სამწუხაროდ, ამას მედია ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ არის ეს ევროკავშირის მოთხოვნა. ევროპის ყველა ქვეყანაშია რეგულაციები და არის გაცილებით მკაცრი, ვიდრე ჩვენთან არის საუბარი“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

მისი თქმით, აბსოლუტური თავისუფლება მედიას არ აქვს და თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის კეთების უფლებას.

„თავისუფლება ნიშნავს საკუთარი ქმედებების კონტროლს. ევროკავშირის ქვეყნებში, საფრანგეთის მაგალითზე ნამდვილად შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ძალიან მკაცრად რეგულირდება და როდესაც საქმე მედიარეგულაციებს ეხება, გაცილებით მკაცრი კანონებია, ვიდრე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ახლანდელ კანონზე, რომელიც მივიღეთ. მაგალითად, 2018 წელს ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა კანონს მანიპულაციის წინააღმდეგ. ანუ, საფრანგეთში წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს კანონი მანიპულაციის წინააღმდეგ და არც მედიასაშუალებას არ აქვს იმის უფლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში გამოფინოს სტატიები, სადაც იქნება მანიპულაცია. ეს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ძალიან მკაცრად კონტროლდება. ასევე, ძალიან საინტერესოა მეორე კანონი თვალთვალის შესახებ. ჟურნალისტზე რამე სახის ინფორმაცია თუ გამოჩნდება, რომ ის ეწევა ტერორიზმისკენ მოწოდებას ან მსგავს ქმედებებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამას არ სჭირდება სასამართლოს ნებართვები და რაღაცები, იწყებენ მის თვალყურის დევნებას, დაკვირვებას“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

ამასთან, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის და აშშ-ის რეგულაციები თუნდაც აკრედიტაციებთან დაკავშირებით უმკაცრესია.

„მაგალითად, საფრანგეთში იყო ჟურნალისტ გასპარ გლანზას ძალიან სკანდალური საქმე. ეს გახლდათ საკმაოდ სერიოზული გამოცემის წარმომადგენელი, რომელიც ელისეის სასახლეში ბრიფინგზე არ შეუშვეს. გამოცემამ გააკეთა განცხადება, ეს იმიტომ მოხდა, რომ ის წინა საღამოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმყოფებოდაო. ელისეის სასახლემ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ნებისმიერი ჟურნალისტი, ვისაც აკრედიტაცია სურს, აუცილებლად უნდა წარდგეს განცხადებით 24 საათით ადრე. მან 15 წუთი გადააცილა ამ 24 საათს და, უბრალოდ, არ შეუშვეს ელისეის სასახლეში მხოლოდ ამის გამო“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

თამარ ლეფსვერიძემ ასევე აღნიშნა, რომ მედიის წარმომადგენელთა ეთიკური ქმედება უკავშირდება მათ მორალურ ვალდებულებებს, პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე, რაც გულისხმობს საკუთარი რეპუტაციის გაფრთხილებას საზოგადოების წინაშე, გულისხმობს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და პროფესიონალური მასალების მომზადებას საზოგადოებისთვის.

„სწორედ ამიტომ არის ეს ყველაფერი ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნა, რომ მათ ეს გზა, ეს პერიოდი გაიარეს და მიხვდნენ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეც ასე ვთვლი, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ თემაზე კამათი, დებატები, აზრთა სხვადასხვაობა. ესეც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

თამარ ლეფსვერიძემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია სადავო ინფორმაციაზე, ის ყოველთვის ამბობს, რომ ინფორმაცია მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადამოწმდეს.

„სადავო ინფორმაციაზე როდესაც არის საუბარი, ჩემი გუნდის წევრები დამეთანხმებიან, რომ მე ყოველთვის ვამბობ – გადაამოწმეთ მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს ნამდვილად ასეა და ეს არის ნამდვილად დიდი მიღწევა. ადამიანები ინფორმაციას როდესაც შენთან ამოწმებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ipress-იც ამ პრინციპით მოქმედებს, რადგან ჩვენთვის არ არსებობს ექსკლუზიური და სკანდალური ინფორმაცია. ჩვენთვის არსებობს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.