მერაბ კაკულია – ლარი შესაძლოა, 2.9-ის ფარგლებში დაკორექტირდეს, თუმცა ხუთპროცენტიან გამყარებას არ ველოდები
მერაბ კაკულია – ლარი შესაძლოა, 2.9-ის ფარგლებში დაკორექტირდეს, თუმცა ხუთპროცენტიან გამყარებას არ ველოდები

ეროვნული ვალუტა ერთი აშშ დოლარის მიმართ შესაძლოა, 2.9-ის ფარგლებში დაკორექტირდეს, თუმცა ხუთპროცენტიანი გამყარება მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.

გადაცემაში გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მონაცემების ფონზე ინფლაციის წნეხის ზრდა და ეროვნული ვალუტის მიმართ უარყოფითი მოლოდინის პრობლემა განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ წლის განმავლობაში ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტადაც კი იზრდება, ნოემბერში საბანკო დაკრედიტებისა და საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებიც გაუმჯობესდა, თუმცა ინფლაციის წნეხი არ შენელდა და სავალუტო ფონდის პროგნოზით ის წლის ბოლოსთვის 7.2 პროცენტს მიაღწევს.

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს, ვიდრე ინფლაციის დონის კლების ტენდენცია არ გამოიკვეთება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკის ზრდაზე ზოგადად უარყოფითად აისახება, თუმცა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდა და მზარდი საბიუჯეტო ხარჯები ამას დააბალანსებს.

„ეროვნულ ბანკს ხელთ გარკვეული ინსტრუმენტები აქვს. მთავარი მაინც ის მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთია, რაც ბოლო პერიოდში ზედიზედ სამჯერ ასწია. მე ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი ამ პოლიტიკას გააგრძელებს, ვიდრე ინფლაციის დონის კლების ტენდენცია არ გამოიკვეთება. ეს ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს, მაგრამ ამის დამაბალანსებელი ფაქტორებიც არის. პირველ რიგში დაკრედიტების ზრდა, რაც უკვე ფაქტია. მათ შორის, უცხოურ ვალუტაში მინიმალური სავალდებულო რეზერვის მოთხოვნის 25 პროცენტიდან დაწევა, რაც ცოტა დაგვიანდა კიდეც. აღნიშნული მინიმალური დონის დაწევამ და უცხოური საკრედიტო რესურსის გამოთავისუფლებამ დადებითი როლი ითამაშა დაკრედიტების. პირველ რიგში, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდაში. ეს დედოლარიზაციის ტრენდს ცოტათი დაამუხრუჭებს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ე.წ. ექსპანსიონისტური ფისკალური პოლიტიკა – ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ფულს დიდი მოცულობით ხარჯავს, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამ ორმა ფაქტორმა შეიძლება, გარკვეულწილად გაანეიტრალოს ის უარყოფითი შედეგი, რაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ზრდას მოჰყვა“, – განმარტა მერაბ კაკულიამ.

მისი აზრით, თუ გლობალურ დონეზე აშშ დოლარის გამყარების ტენდენცია არ გაძლიერდა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას შესაძლოა, ლარის კურსის დაკორექტირება მოჰყვეს.

„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, პირველ რიგში, ლარში დენომინირებულ კრედიტებზე მოქმედებს და ბევრად ნაკლებად აისახება უცხოურ ვალუტაში განთავსებულ კრედიტებზე. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდება ბუნებრივად უნდა მოხდეს. ამან ლარის კურსის დაბრუნებას და დაკორექტირებას უნდა შეუწყოს ხელი გამყარების მიმართულებით. თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, შიძლება, ვთქვათ, რომ ლარის კურსი 2.9-ს და ზემოთა დიაპაზონს არ გასცდება, გარდა ერთი გარემოებისა – თუ გლობალურ სივრცეში დოლარის გამყარების ფაქტორი არ გაძლიერდა. დღეის მდგომარეობით, დოლარის გამყარება მთელ მსოფლიოში შეინიშნება, თუმცა მას ხელისშემშლელი პირობებიც აქვს ჩინეთსა და აშშ-ის შორის სავაჭრო კონფლიქტიდან გამომდინარე. თუ გლობალურად დოლარმა გამყარება დაიწყო, ლარის დღეს არსებული პოზიციების შენარჩუნება და მით უმეტეს, განმტკიცება გაჭირდება“, – განუცხადა მერაბ კაკულიამ „ბიზნესპარტნიორს“.