მერაბ ჯანიაშვილი - სესხის ამომღებ კომპანიას უფლება არ აქვს, მოქალაქეს ის ქონება წაართვას, რომელიც ოფიციალურად მას არ ეკუთვნის
როცა მოქალაქეს ეგზავნება წერილი, სადაც მითითებულია, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხის ამომღები კომპანია კანონით განსაზღვრულ ქმედებებს განახორციელებს და მსესხებელს რაღაც ქონებას ჩამოართმევს, ეს გასაგებია, მაგრამ ის, რაც კომპანიების მიერ მსესხებლებისთვის გაგზავნილ გაფრთხილების წერილში წერია, კანონის ფარგლებში არ ჯდება, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„საქართველოს კანონმდებლობა დავალიანების გამო ადამიანის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლის აკრძალვას არ გულისხმობს. საქართველოს კანონმდებლობითვე სესხის ამომღებ კომპანიას არ აქვს უფლება, მოქალაქეს წაართვას ქონება, რომელიც ოფიციალურად მისი საკუთრება არ არის. მე თუ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, ამ ქონებას ვერავინ წამართმევს“, – განაცხადა პირველი არხის ანალიტიკოსმა.
მერაბ ჯანიაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, თუ პრობლემური სესხის საქმე სასამართლოს გადაეცემა, ისინი სასამართლოში აუცილებლად გამოცხადდნენ.
„გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ისევ თქვენ ზარალდებით. მინდა გითხრათ, თუ საქმე სასამართლოში მიდის, ეს თქვენთვის კარგია, რადგან სასამართლო ჯარიმების 99%–ს აუქმებს და პირს ძირი თანხის გადახდას ავალებს, რასაც თვეების განმავლობაში უნაწილებს“, – განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.