მერაბ ჯანიაშვილი - სწორი კანონმდებლობის პირობებში, ჩვენმა ქვეყანამ შესაძლოა, მარიხუანას ექსპორტით სარგებელი მიიღოს
მერაბ ჯანიაშვილი - სწორი კანონმდებლობის პირობებში, ჩვენმა ქვეყანამ შესაძლოა, მარიხუანას ექსპორტით სარგებელი მიიღოს

სწორი კანონმდებლობის პირობებში, ჩვენმა ქვეყანამ შესაძლოა, მარიხუანას ექსპორტით სარგებელი მიიღოს, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მარიხუანას ექსპორტს ბევრი ქვეყანა ახდენს.

„ქვეყნები, სადაც მოხდა სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება ან მთლიანად მარიხუანაა ლეგალიზებული, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი დღეისთვის ბაზარზე ლეგალური მარიხუანას ექსპორტის ლიდერია, მეორე ადგილზეა ჰოლანდია. ასევე იგეგმება, რომ 17 ოქტომბრიდან, როდესაც ლეგალიზება კანადაშიც მოხდება, კანადური კომპანიები მაშინვე დაიწყებენ მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს“, – აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ლეგალური მარიხუანას წარმოება ყოველ წელს იზრდება და დღეისთვის, 220 ტონამდეა.

„რაც შეეხება აშშ-ის, გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ რამდენიმე შტატშია ლეგალიზებული, მაგრამ ჯერ ამ ქვეყნიდან ექსპორტი არ არის დაშვებული, ბაზარზე სხვა ქვეყნები აქტიურობენ. მაგალითად, ავსტრალიაში წელს მიიღეს ექსპორტის ლეგალიზების შესახებ კანონი, ასევე, წლის დასაწყისში მიიღეს საბერძნეთში. საბერძნეთში ფიქრობენ, რომ 10 წელიწადში ამ ბიზნესით ქვეყანა 200 მილიარდამდე შემოსავალს მიიღებს“, – აცხადებს ექსპერტი.

ამასთან, მისი თქმით, დღესდღეობით, საქართველოში მხოლოდ მარიხუანას მოხმარებაა ლეგალიზებული.

„ჩვენი კანონმდებლობით მარიხუანას მოხმარება სრულად ლეგალიზებულია. ბევრი ქვეყანა თავის ქვეყანაში არ ახდენს რეალიზებას და ექსპორტზე გააქვს. დიდ ბრიტანეთშიც მარიხუანას რეალიზაცია აკრძალულია, მაგრამ ექსპორტი ლეგალიზებულია. ჰოლანდიამ ბევრად უფრო დიდ შედეგს მიაღწია სწორი რეგულაციებით, ვიდრე აგრესიული პოლიტიკით“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.

მისი შეფასებით, მარიხუანას ექსპორტით ბიუჯეტიც დიდ შემოსავალს მიიღებს.

„თუ გამოიყოფა ადგილები, სადაც მოყვანა და შემდეგ ექსპორტი მოხდება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ვინაიდან მაღალი გადასახადით იბეგრება და ბიუჯეტიც შემოსავალს მიიღებს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ არსებობს ვერსია, მარიხუანა სამკურნალო კუთხით საექსპორტოდ დაიშვას. როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, უმრავლესობის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი კანონპროექტის ვერსია წარადგინა.

ამასთან,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს.