შსს - მთავრობა ექსპორტის მიზნით  მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს
შსს - მთავრობა ექსპორტის მიზნით  მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

„გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ არსებობს ვერსია, მარიხუანა შეიძლება საექსპორტოდ დაიშვას სამკურნალო კუთხით. როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, უმრავლესობის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი კანონპროექტის ვერსია წარადგინა.