მერაბ ღოღობერიძე მუხრან ვახტანგაძეს მუქარაში ადანაშაულებს, დეპუტატი ბრალდებას უარყოფს
„კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე პარლამენტის წევრ მუხრან ვახტანგაძეს მუქარაში ადანაშაულებს.
ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც მისი თქმით, ვახტანგაძის გინება ისმის. ფაქტთან დაკავშირებით ღოღობერიძე პოლიციამ უკვე გამოკითხა.
„პოლიციას გადავეცი მტკიცებულებები. ის მაგინებს და მემუქრება. გონივრული ეჭვი მაქვს, მისი ზონდერ ჯგუფები გამისწორდებიან. პროკურატურას დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვისაც მივმართე. თუ მას არ შეუჩერებენ იმუნიტეტს, იძულებული ვარ, ქვეყანა დავტოვო და წავიდე ემიგრაციაში. ეს დეპუტატი უსწორდება ყველას, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი. კონფლიქტი ქედის სასპორტო სკოლის დირექტორად მანუჩარ ჯიჯავაძის დანიშვნის შემდეგ დაიწყო. როგორც გავარკვიე მას ლობირებდა ვახტანგაძე. 2012 წელს კაცი რომელიც აგინებდა ივანიშვილს, დღეს „ქართული ოცნების“ პირობებში დაწინაურდა მუხრან ვახტანგაძის რეკომენდაციით. მე ამის შესახებ დავწერე პოსტი, რამაც გააღიზიანა დეპუტატი“,- განაცხადა ღოღობერიძემ.
თავად მუხრან ვახტანგაძე ამბობს, რომ ღოღობერიძემ „მწყობრიდან გამოიყვანა“, თუმცა მისი თქმით, მუქარა არ ყოფილა.
„ჩანაწერამდე ბევრჯერ ვისაუბრეთ ერთმანეთთან. სპორტთან მაგ ადამიანს არანაირი კავშირი არ აქვს, ვუთხარი კომპეტენტური ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებასთქო. თავიდანვე მისი მხრიდან იყო შეურაცხყოფა. მან ბოლო ზარზე გააკეთა ჩანაწერები. მანამდე მწყობრიდან გამომიყვანა და მაგან გამოიწვია ყველაფერი. თუ ვინმესთან ბოდიში მაქვს მოსახდელი, ესაა საზოგადოება, ვინც ეს ვიდეო იხილა. ამ ადამიანთან, რომელიც არის უთავმოყვარეო, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. შესაბამისი ორგანოები გადაწვეტენ იყო თუ არა მუქარა. თუ მოისმინეთ ჩანაწერი, არანაირი მუქარა იქ არ არის“, – განაცხადა ვახტანგაძემ.