მექსიკის მღვიმეში აღმოჩენილი უძველესი თავის ქალები კონტინენტის დასახლების განსხვავებულ ამბავზე მიუთითებს
მექსიკაში, წყალქვეშა მღვიმის სისტემაში ოთხი თავის ქალა აღმოაჩინეს. არქეოლოგთა აზრით, შესაძლოა, ისინი ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ადამიანებს ეკუთვნის.
მიჩნეულია, რომ ამერიკის კონტინენტის დასახლება ყველაზე ბოლოს მოხდა. მკვლევართა აზრით, ბოლო გამყინვარების დროს, ციმბირიდან წამოსულმა ადამიანებმა გადაკვეთეს ბერინგის სრუტე და მოხვდნენ ალასკაზე. თუმცა, სრული ამბავი გაცილებით დიდი და რთულია. ამოსავალი წერტილი შეიძლება სწორედ ეს აღმოჩენა გახდეს.
ჩრდილოეთ ამერიკაში აქა-იქ აღმოჩენილი 15 000 – 20 000 წლის წინანდელ ადამიანთა ნაშთები ნიშნავს იმას, რომ ის, რაც წლების განმავლობაში ვიცოდით ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ადამიანთა მიგრაციის შესახებ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება; მათ შორის, ქრონოლოგია, მარშრუტები თუ მათი ბიოლოგიური წარმომავლობა.
როგორც გენომური მონაცემები მიუთითებს, თითქმის ყველა ადგილობრივი ამერიკელი აზიიდან განხორციელებული ერთი მიგრაციის შთამომავალია. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად ერთ კონტექსტში განიხილავენ, სინამდვილეში შესაძლოა, ისინი საკმაოდ განსხვავებული იყვნენ.
ახალი კვლევის ფარგლებში, მექსიკის კინტანა-როოს შტატის კირქვის მღვიმეებში აღმოჩენილი ოთხი თავის ქალიდან არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს.
მეცნიერები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ როგორც თანამედროვე ადამიანებთან შედარების შემდეგ გაირკვა, ამ ოთხს შორის უძველესი თავის ქალა ძალიან ჰგავს თანამედროვე ალასკისა და გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობისას, მეორე უძველესს ძლიერი კავშირი აქვს თანამედროვე ევროპელებთან; ასეთი რამ პალეოამერიკელ ხალხში აქამდე შემჩნეული არ იყო.
მესამე თავის ქალას უფრო სამხრეთ ამერიკული მახასიათებლები აქვს, მეოთხე კი თანამედროვე აზიელებისა და ადგილობრივი ამერიკელების ნაზავს ჰგავს.
კვლევის ავტორთა აზრით, ადრეული ჩრდილოამერიკელები საოცრად მრავალფეროვანი იყვნენ, იმ დროის სამხრეთ ამერიკულ პოპულაციებზე გაცილებით მეტად. როგორც ჩანს, ისინი სულ ასე იყვნენ მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც კონტინენტს იკავებდნენ.
ამ დროისათვის, ჩრდილოეთ ამერიკაში ადრეულ ადამიანთა ოცამდე თავის ქალაა აღმოჩენილი, მაგრამ ეს ოთხი თავის ქალა ყველა მათგანისგან განსხვავდება. ზოგიერთი სხვა აღმოჩენაც მიუთითებს, რომ ადრეული ჩრდილოამერიკელები ძლიერ სხვადასხვაგვარი იყვნენ, მაგრამ სამხრეთ ამერიკისკენ მსვლელობისას, პოპულაციები თანდათან ერთფეროვანი გახდა.
თუკი ეს მართლაც ასეა, მრავალი მოდელი ამ კონტინენტზე ადამიანების მიგრაციისა და გავრცელების შესახებ, სერიოზულად გამარტივებულია.
ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგ მარკ ჰაბის განცხადებით, ისინი ყოველთვის დარწმუნებული იყვნენ, რომ ის, რაც ხდებოდა სამხრეთ ამერიკაში, სიმართლე იყო ჩრდილოეთ ამერიკისთვისაც; თუმცა, ეს მოსაზრება ახლა უკვე გადასახედია.
მისივე თქმით, საჭიროა შეწყდეს საუბარი ამერიკის კონტინენტის დასახლების შესახებ. ამის ნაცვლად, საჭიროა დავიწყოთ საუბარი იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის დასახლების ამბავი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.
კვლევის ავტორები აცნობიერებენ იმასაც, რომ ოთხი თავის ქალა საკმარისი არ არის და შესაძლოა, სათანადოდ ვერ ასახავდეს იმ დროის მოსახლეობას.
დებატები ამერიკის კონტინენტის დასახლების შესახებ, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში არ დასრულდება, ეს ახალი თავის ქალები კი ამ კამათში მხოლოდ ცეცხლზე ნავთს ასხამს.
კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.osu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.