14 ადამიანი დაიღუპა მექსიკის ქალაქ სიუდად-ხუარესში შეიარაღებული ბანდის შეტევების შედეგად. რამდენიმე თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრები სამხრეთ კორეას ხვდებოდა.
შვიდი მეგობარი შეკრებილი იყო ერთ-ერთის სახლში ფეხბურთის საყურებლად. სწორედ ამ დროს, სახლში შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი შეიჭრა. თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, ადგილზე ექვსი ადამიანი დაიღუპა.
თითქმის იგივე დროს, უცნობები სილამაზის სალონთან მივიდნენ, სადაც ასევე იყო ხალხი შეკრებილი მატჩის სანახავად. აქ მსხვერპლმა ხუთი ადამიანი შეადგინა.
რამდენიმე საათით ადრე, ქალაქის გარეუბანში წვეულების დროს სამი ადამიანი მოკლეს.
პოლიციამ ჯერ ვერ მიაგნო თავდამსხმელთა კვალს. სიუდად-ხუარესი ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქალაქია მსოფლიოში. ივნისში იქ 116 მკვლელობა მოხდა.