მეკობრეების მიერ გატაცებული ოთხი ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა
აფრიკაში მეკობრეების მიერ გატაცებული ოთხი ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა.
ბათუმის აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დახვდნენ.
„ღამის ორ საათზე დაგვესხნენ თავს და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს. მინდა გითხრათ, რომ ფიზიკურად არ ძალადობდნენ, მაგრამ პირობები იყო ძალიან მძიმე, არ გვყოფნიდა საკვები, წყალი. მოკლე დროში გაგვათავისუფლეს, რაც, პირველ რიგში, ბერძნული გემფლობელი კომპანიის დამსახურება იყო, მესამე დღეს გავიდნენ მეკობრეებთან კავშირზე და მალე მოახერხეს შეთანხმება“, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზღაურმა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, მათ გამოკვლევა გამომგზავრებამდე ჩაუტარდათ, გარდა ამისა ბათუმის აეროპორტშიც გაიარეს თერმული შემოწმება.
მისივე თქმით, მეზღვაურები არ იმყოფებოდნენ რისკის ქვეყნებში, ამიტომ მათი სახლებში გაშვება უსაფრთხოა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, ტყვეობის პერიოდში მუდმივად იმყოფებოდა მისი უწყება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად კავშირზე და იღებდა ინფორმაციებს მეზღვაურების შესახებ, თუმცა 15 დღე რეკორდულად მცირე დროა, რაშიც, იოსელიანის შეფასებით, დიდი როლი სწორედ გემფლობელმა კომპანიამ ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის აეროპორტში მეზღვაურებს გემფლობელი კომპანიის წარმომადგენელიც ჩამოჰყვა.