მეგან მარკლის საქორწინო კაბა, პრინცესა დაიანას ბეჭედი და დახურული წვეულების სტუმრები - მედია ბრიტანეთის სამეფო ქორწილის დეტალებზე წერს [ფოტო/ვიდეო]
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის შემდეგ, ბრიტანული და მსოფლიო მედია სამეფო წყვილის ქორწინების დეტალებს აქტიურად განიხილავს. პუბლიკაციებსა და ფოტორეპორტაჟებში ჯვრისწერისა და შემდეგ გამართული წვეულების დეტალებია აღწერილი.
Daily Mail-ის ცნობით, ჯვრისწერის შემდეგ, პრინცმა ჰარიმ და აწ უკვე სასექსის ჰერცოგმა თავის რჩეულს დედის, პრინცესა დაიანას კუთვნილი ბეჭედი აჩუქა. როგორც გამოცემა წერს, მეგან მარკლის თითზე დაიანას ბეჭედი მაშინ შენიშნეს, როდესაც ის ჯვრისწერის შემდეგ გამართული ვახშმიდან გამოვიდა და მეუღლესთან ერთად 1968 წლის Jaguar-ში ჩაჯდა.
აღსანიშნავია, რომ ჰარისა და მეგანის ჯვრისწერას 800 სტუმარი ესწრებოდა, თუმცა შემდეგ გამართულ წვეულებას სულ 200 ადამიანი დაესწრო. საღამო პრინც ჩარლზის ინიციატივით გაიმართა. მას წყვილის ახლო მეგობრები, მათ შორის ჩოგბურთელი სერენა უილიამსი და ბოლივუდის ვარსკვლავი პრიანკა ჩოპრა დაესწრნენ.
ახალბედა ჰერცოგინია ამ ვახშამს ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, პოლ მაკარტნის ქალიშვილის, სტელა მაკარტნის კაბაში იყო გამოწყობილი. როგორც ცნობილი გახდა, უინძორის სასახლეში რამდენჯერმე გამოიძახეს პიცაც.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სამეფო წყვილის ჯვრისწერას ტელეეკრანებთან 13 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიადევნა თვალი.
ტელეკომპანია „ბიბისის“ ესაუბრა იმ კაბის დიზაინერს, რომელიც მეგან მარკლს ჯვრისწერაზე ეცვა. კლერ ვეით კელერის თქმით, მომავალი ჰერცოგიანიასთვის საქორწინო კაბის შეკერვა დიდი პატივი იყო. მისივე განცხადებით, კაბის მორგების დროს მეგანი არ ნერვიულობდა. დიზაინერმა კაბის ესკიზები სახსოვრად პატარძალს გადასცა.
BBC-მ სამეფო ქორწილის ორგინალური ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა, რომლის მთავრი გმირები ის ბავშვები იყვნენ, რომლებიც ქორწილს ესწრებოდნენ. მათ შორის პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა.
უცხოური მედიის ყურადღება მიიპყრო ქორწილში მყოფმა პრინცესა დაიანას დისშვილმა. ბევრი მედიასაშუალება მისი და დაიანას მსგავსებაზე წერდა. 27 წლის კითი სპენსერი მოდელია.
ჯვრისწერის შემდეგ სტუმრებისთვის გაიმართა მიღება, რომელიც დედოფლის სახელით ჩატარდა. როგორც სტუმრები ყვებიან, ამ ღონისძიებაზე სერ ელტონ ჯონმა მინი კონცერტი ჩაატარა.
ბრიტანული ტაბლოიდები კი მეგან მარკლის იმ ნათესავებზე წერენ, რომლებიც სამეფო ქორწილს არ დასწრებიან. მათ შორის იყო პატარძლის მამა, ტომასი, რომელიც გულის ოპერაციის გამო ვერ დაესწრო შვილის ჯვრისწერას. ის ტელევიზიით უყურებდა ცერემონიალს.
Daily Mail-ის ცნობით, ქორწილში მეგან მარკლის ბიცოლა და მისი შვილები არ მიიპატიჟეს, თუმცა, როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მათ მეგანის გათხოვება სწრაფი კვების ობიექტში აღნიშნეს. სასექსის ჰერცოგიანიას ახლობლებს თავზე მუყაოს გვირგვინები ეხურათ. ამ „საზეიმო სადილსაც“ კი მეგანის ბიძა ფრედი არ დასწრებია.
რაც შეეხება მეგანის ნახევარდას, ის ჯვრისწერას ფლორიდაში ტელევიზორით ადევნებდა თვალყურს, ხოლო ძმა ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ის ერთ-ერთმა გაზეთმა ჩაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ უინძორის სასახლეში გამართულ ჯვრისწერას პატარძლის მხრიდან მხოლოდ დედა – დორია რაგლანდი დაესწრო. მან ბედნიერი ქალიშვილის ცქერისას ცრემლები ვერ შეიკავა.
დღესვე გაერთიანებული სამეფოს სამეფო ოჯახის ვებგვერდზე მეგან მარკლის გვერდი დაამატეს. საინტერესოა, რომ ამ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ სასექსის ჰერცოგინია ფემინისტია და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლას აპირებს.
„მეგანის მანიფეტს“ უკვე მოჰყვა გამოხმაურებები ბრიტანულ მედიაში.
ბრიტანულ მედიას არც ის გამოპარვია, თუ სად გაატარა ახალშეუღლებულმა წყვილმა პირველი ღამე. ეს უინძორის სასახლე იყო. როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, ჰარი და მეგანი თაფლობის თვეს გაერთიანებულ სამეფოში გაატარებენ.
პირველი ღონისძიება, რომელსაც სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია დაესწრებიან, პრინც ჩარლზის დაბადების დღისადმი მიძღვნილი წვეულება იქნება, რომელიც 22 მაისს ბაკინგემის სასახლეში გაიმართება.