ზაზა ავალიანი - საახალწლო სოციალური აქტივობები ინფექციის გავრცელებაზე ბუნებრივია აისახება, შედეგები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
მედიკოსები ვარაუდობენ, რომ საახალწლო აქტივობები კოვიდინფექციის გავრცელების მაჩვენებელზე აისახება. მათი ინფორმაციით, რისკი იმისა, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ახალი წლის დღეების შემდეგ გაიზარდოს, არსებობს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა ავალიანის შეფასებით, შედეგებს უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.
ამასთან, ავალიანი მოსახლეობას სიფრთხილისა და აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს (დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება, სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება). მისი თქმით, ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი საშუალება ვაქცინასთან ერთად, დასახელებული რეკომენდაციების შესრულებაა.
როგორც ზაზა ავალიანი აცხადებს, ამ დროისთვის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ოცდსამამდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან ექვსს კოვიდთან ერთად, ტუბერკულოზიც აქვს. ავალიანის ინფორმაციით, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„მოგეხსენებათ, კოვიდინფექცია არ ცნობს გარკვეული სახის გამონაკლისებს და ის ვრცელდება ერთადერთი პირობით, როდესაც აქვს გავრცელების არეალი. გავრცელების არეალი ეს არის ის დისტანცია, მინიმალური აუცილებელი პირობები, რაც მისი გავრცელებისთვის არის საჭირო, პირდაპირი კონტაქტი. შესაბამისად, ყველა ის წესი, შესაძლებლობა, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ ინფექცია გავრცელდეს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ის გადაეცემა და ინფექციის გადაცემის ჯაჭვი გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ის, რაც დაკავშირებული გახლდათ საახალწლო სოციალურ აქტივობებთან ბუნებრივია, თავის ასახვას ჰპოვებს. არ ვიტყვი მყისიერს, მაგრამ რამდენიმე დღეში ბუნებრივია, გამოჩნდება მისი შედეგები, რის შესახებაც ჩვენი ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებდნენ.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ შევზღუდოთ, აიკრძალოს ამ სახის სოციალური აქტივობები, უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოგვცემს ინფექციის ზრდას. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი, ამოცანაა, რომ მივაღწიოთ ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას, მივაღწიოთ ვაქცინამდე სარწმუნო, არგუმენტირებულ შედეგამდე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ის დიდი გამოწვევა, რომელიც კოვიდპანდემიის სახით არის დღეს კაცობრიობის წინაშე. ყოველი ასეთი თავყრილობა, სადაც არ ხდება იმ რეგულაციების და იმ წესების დაცვა, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის მუშაკების მხრიდან, იძლევა თავის შედეგებს და ეს აისახება სტატისტიკაზე. ამას ვგრძნობთ ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ვინაიდან მყისიერად ხდება მომატება მომართვიანობის და იმ მძიმე პაციენტების მათ შორის, სამწუხაროდ, მატულობს გარდაცვალებათა რიცხვი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, გაუფრთხილდნენ თავიანთ ახლობლებს. საფრთხე რასაკვირველია, არსებობს, რისკი არსებობს. არის დიდი რისკი იმისა, რომ ინფექციის გავრცელებამ ახალ პროგრესს, ახალ ტალღას მიაღწიოს“, – განაცხადა ზაზა ავალიანმა.