საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ მედიკოსები დააჯილდოვა
საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ მედიკოსები დააჯილდოვა

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ მედიკოსები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

„14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც სახელოვნებო დარგი გაჩერდა და განსაკუთრებული რაიმე მოვლენა არაფერი მომხდარა. თუმცა, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დაჯილდოების ტრადიცია არ დაარღვია, ხელოვანების ნაცვლად, „კოვიდ-19“-ის ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლ მედიკოსებს სახელობითი პრემიები გადასცა.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობითი პრიზი,(ვ.ბოჭორიშვილი მედიცინამდე თელავის თეატრის რეჟისორი და მსახიობი იყო) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, მხატვარმა გიორგი გეგეჭკორმა გადასცა.

ცნობილი კინომსახიობის ლიანა ასათიანის (ქალბატონი ლიანა პროფესიით ექიმი იყო) სახელობის პრიზები ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელს, მარინა ენდელაძეს გადაეცათ. ექიმის, თბილისის კოლორიტისა და არაერთი დასამახსოვრებელი კინოროლის შემსრულებლის, თემიკო ჩირგაძის სახელობითი პრიზები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელ ლევან რატიანს გადაეცათ.

საპატიო სტუმრებს თეატრალურმა საზოგადოებამ საჩუქრებიც უსახსოვრა. თავის მხრივ, მედიკოსებმა საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას ყურადღებისა და დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი